"ენგურჰესის" ერთ-ერთ გვირაბში ახალი გალერეა წლის ბოლომდე გაიხსნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾125 000-ს შეადგენს. ამის შესახებ შპს "ენგური ატრაქციის" დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.
როგორც ანთაძე აცხადებს, აღნიშნული პროექტი, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„წლის ბოლოს დამატებით, არსებულ შენობაში ახალი მუზეუმი გვექნება. მუზეუმში პოტენციური მომხმარებელი „კაშხლების შესახებ“ ყველაფერს გაიგებს. კონკრეტულად, კაშხლები როგორ შენდებოდა, სად მოქმედებდა, რა მასალა გამოიყენებოდა. ამასთან, ვიზიტორები გაიგებს მსოფლიოში როგორი სახეობის კაშხლები არსებობს.
სივრცეში კინოთეატრი, გიდები გვყავს - შესაბამისად, მნახველები ენგურის ისტორიას გაეცნობიან. მოკლედ, მუზეუმი ზოგადად, თანამედროვე, მულტიმედიური მიდგომით, კაშხლების ფუნქციას, მასთან დაკავშირებული საკითხებს „მოყვება“. ტენდერი უკვე ჩატარებულია, გამარჯვებული კომპანიაც გვყავს, ეს არის ქართული კომპანია, შპს Tadline, ეს ყველაფერი დაახლოებით, აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ანთიძემ.
ამასთან, შპს "ენგური ატრაქციის" დირექტორი აცხადებს, რომ მაისიდან ზიპლაინის მოხმარება უკვე დაიწყება, რაც პოტენციური ვიზიტორებისთვის მიმზიდველი იქნება,
„ზიპლაინი კერძო ინვესტიციით დაიწყებს ფუნქციონირებას, კერძო ინვესტორი გვყავს, რომელიც ჩვენი ბიზნესპარტნიორია.
ზიპლაინი ერთ-ერთი მთავარი ატრაქციონი და ძალიან პოპულარულია, არა მარტო, კაშხლებზე, არამედ ზოგადად. ამასთან, ჩვენ გამორჩეული სიმაღლე და სიგრძე გვაქვს. ეს ყველაფერი ექსტრემალური განწყობების შემქმნელი იქნება. ყველაფერი ვიზიტორებს კიდევ უფრო დააინტერესებთ“,- აცხადებს ანთიძე.
ამასთან, შპს "ენგური ატრაქციის" დირექტორი აღნიშნავს, რომ მათი კომპანია ყველა სეგმენტზეა მორგებული და მათთან ფასები 10-დან 50-ლარამდე მერყეობს.
„რა თქმა უნდა, ჩვენთან ძალიან მაღალი ფასები არ არის. ამასთან, ვისაც ტურიზმი აინტერესებს ყველა სეგმენტზე ვართ მორგებული. საკმაოდ მისაღები ფასები გვაქვს: საფეხმავლო ტური 10-დან 15 ლარამდე მერყეობს.
ასევე სხვადასხვა შეღავათებიც გვაქვს, მაგალითად, ომის ვეტერანებზე... ამავდროულად გვაქვს ავტომანქანის ტური გიდის მომსახურებით, რომლის ღირებულებაც დაახლოებით, 20-დან 25 ლარამდე მერყეობს. დაბოლოს, შეგვიძლია, ვიზიტორს შევთავაზოთ, ე.წ. დიდი ტური, რომელიც 50 ლარი ჯდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომხმარებლები 2 საათის განმავლობაში, გიდთან ერთად კაშხლის ტერიტორიას, გვირაბებს და სხვადასხვა, სივრცეს ათვალიერებენ.
მინდა გითხრათ, რომ ბევრი, რამ გვაქვს გაკეთებული: სამხატვრო გალერეა, კინოთეატრი და ა.შ. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა“- განაცხადა ანთაძემ.
ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციად ქცევის საპროექტო დოკუმენტაცია 2017-2018 წლებში ესტონურმა არქიტექტურულმა კომპანიამ KOKO arhitektid-მა მოამზადა.
ცნობისთვის, ენგურჰესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა და მის ტურისტულ ატრაქციად ქცევასთან დაკავშირებით საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.