logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Bolnisi Wine Guide - ბოლნისის ღვინის გზამკვლევის პრეზენტაცია

Bolnisi Wine Guide - ბოლნისის ღვინის გზამკვლევის პრეზენტაცია

1746440382

3 მაისს, ბოლნისში ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში, ბოლნისის ღვინის გზამკვლევის  პრეზენტაცია გაიმართება.

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ინიციატივითა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით გამოცემაზე მუშაობა 2024 წელს დაიწყო. ბოლნისის ღვინის გზამკვლევის მიზანია ბოლნისის როგორც ღვინის რეგიონის ისტორიის, ტრადიციებისა  და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წარმოჩენა. ასევე ადგილობრივი მევენახე-მეღვინეების, მარნებისა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

გზამკვლევი  მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბოლნისის მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია, რთველისა და ღვინის დაყენების უნიკალური ტექნოლოგია ძველ გერმანულ დასახლებაში, ქვემო ქართლში გავრცელებული საღვინე ვაზის ჯიშების დახასიათება. გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბოლნისს, როგორც დაცული ადგილწარმოშობის დასახელების მქონე რეგიონს და მის მნიშვნელობას ქართულ მეღვინეობაში.

გზამკვლევს თან ახლავს ქალაქ ბოლნისის ღვინის რუკა, რომელზეც 32 ბოლნისური მარანია დატანილი. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ხელახლა გაცოცხლებული რუკა, რომელზეც ბოლნისის მუნიციპალიტეტში გავრცელებული ნიადაგის ტიპებია გამოყოფილი, რაც უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას წარმოადგენს მეღვინეებისთვის.

ღვინის გზამკვლევში ბოლნისი თავის უნიკალურ  კულტურულ და ისტორიულ ძეგლებთან ერთად, წარმოჩენილია როგორც ოქროსფერი ღვინისა და გასტრონომიის ქალაქი.

ღონისძიებას დაესწრებიან ადგილობრივი მეღვინეები, ღვინის სფეროს წარმომადგენლები, სომელიეები და ღვინის მოყვარულები, ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლები.

ბოლნისის ღვინის გზამკვლევი მომზადდა N Line Media-ს მიერ, რომელიც ყველაზე პოპულარული ღვინის ჟურნალის Homeland of Wine-ის გამომცემელია. მსგავსი პუბლიკაცია 

მნიშვნელოვანია ბოლნისის მეღვინეობის პოპულარიზაციისა და ადგილწარმოშობის ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით.

 

გამოგვყევით