logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

აპრილში, ხაჭაპურის მომზადება წლიურად 6.1%-ით გაძვირდა

აპრილში, ხაჭაპურის მომზადება წლიურად 6.1%-ით გაძვირდა

1746431345

2025 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.62 ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის აპრილთან შედარებით 6.1%-ით მეტია. თუმცა, თვიურ ჭრილში, ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა.

ISET-ის კვლევის მიხედვით, წლიურად, ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობაზე: ყველი (+15.3%), საფუარი (+15.2%), რძე (+4.2%), კვერცხი (+2.4%) და კარაქი (+2.1%). ფქვილი ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომლის ფასიც წინა წელთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა. ეს კლება ასახავს საერთაშორისო ხორბლის ბაზარზე არსებულ ტენდენციებს. ხორბლის ფასი 2024 წლის ბოლომდე სტაბილურად მცირდებოდა, 2025 წლის იანვარში მცირედით გაიზარდა, თებერვალში პიკს მიაღწია და მას შემდეგ კვლავ ეცემა. აღწერილი ცვალებადობის მიუხედავად, საერთო ტენდენცია მიუთითებს, რომ ხორბლის ფასი წელს მნიშვნელოვნად დაბალია, გასულ წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე გლობალური დინამიკა გავლენას მოახდენს საქართველოზე მომდევნო თვეების განმავლობაში, რადგან საერთაშორისო ფასების ცვლილებებს, როგორც წესი, გარკვეული დრო სჭირდება ადგილობრივ ბაზარზე გავლენის მოსახდენად.

მათივე ინფორმაციით, ხაჭაპურის ინდექსის კლება თვიურ ჭრილში ძირითადად განპირობებულია კარაქის (-9%), ყველის (-3.8%) და ფქვილის (-3.4%) ფასების შემცირებით. აღნიშნული ცვლილება ასახავს ტიპურ სეზონურ ტრენდს, რადგან ახალი რძის წარმოება გაზაფხულზე იწყებს ზრდას და პიკს ადრეულ ზაფხულში აღწევს. გარდა ამისა, 3 მარტს დიდი მარხვის დაწყებამ, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო ყველისა და სხვა რძის პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებას და შესაბამისად, მათი ფასების შემცირებას მარხვის პერიოდში.

გამოგვყევით