logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართული წარმოების პირველი საბავშვო ველოსიპედი ბაზარზე, სავარაუდოდ, 2026 წლიდან გამოჩნდება

ქართული წარმოების პირველი საბავშვო ველოსიპედი ბაზარზე, სავარაუდოდ, 2026 წლიდან გამოჩნდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ბექა კიკნაველიძემ - Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელმა განუცხადა, საბავშვოს შემდეგ, უკვე სხვა ტიპის ველოსიპედების მასიურ წარმოებასაც დაიწყებენ.

მისივე განმარტებით, პირველი ქართული წარმოების ველოსიპედის გამოშვება რამდენჯერმე გადავადდა, რაც უმეტესად საფასო პოლიტიკას უკავშირდებოდა.

„ჩვენ გვინდა, რომ ავაწყოთ უმაღლესი ხარისხის ველოსიპედი, რომლის ფასიც შედარებით მაღალი იქნება. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, ეს პროექტი რამდენიმეჯერ გადავდეთ და უმეტესად, იმპორტირებული ველოსიპედების რეალიზაციით ვართ დაკავებული“, - აღნიშნა ბექა კიკნაველიძემ.

მან ველოსიპედებზე არსებულ მოთხოვნის დინამიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ველოსიპედების გაყიდვები წლიდან წლამდე იზრდება.

როგორც Georgian Bicycle Group-ში განმარტავენ, 2024 წლის გაყიდვებმა გადაუსწრო როგორც კოვიდამდე პერიოდის, ასევე კოვიდის შემდგომ პერიოდის მაჩვენებლებსაც. გაზრდილია მოთხოვნა ველოსიპედების გაქირავებასა და საქართველოს მასშტაბით ველოტურებზეც.  ყველაზე მეტად ველოტურების კუთხით, უცხოელი მომხმარებლები აქტიურობენ.

„აზიის ბაზრები ძალიან დაინტერესდნენ ჩვენი რელიეფით, ბუნებით, კულტურით. მაგალითისათვის, მალაიზიიდან გვეწვივნენ სტუმრები, რომელთა გიდები და გამყოლები 3 თვით დარჩებიან საქართველოში და ამ სამი თვის განმავლობაში, ისინი მოემსახურებიან სტუმრებს მალაიზიიდან. იქნება, როგორც ვიცი, 4 საფეხმავლო ტური და 2 ელექტრო და ჩვეულებრივი ველოტური საქართველოს მასშტაბით“, - განმარტა ბექა კიკნაველიძემ.

მისივე ინფორმაციით, დამატებით აქტიურობენ ინგლისელი ველომოყვარულები, ასევე მომხმარებლები ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და ფილიპინებიდან.

შეგახსენებთ, Georgian Bicycle Group 2011 წელს დაარსდა და ის იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს სპეციალიზებული ველომაღაზია შესთავაზა  - პროფესიონალური, იმპორტირებული ველოსიპედების ფართო არჩევანით.

გამოგვყევით