მეღვინეობა "ანაპეას" დამფუძნებლის ხატია დარგუაშვილის განცხადებით, საექსპორტო ბაზრებზე ნატურალურ, ბიო ღვინოზე დაინტერესება არ იკლებს.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, მეღვინეობა მოსავლის თითქმის 100%-ს ექსპორტზე ყიდის და ამ კუთხით გაფართოებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს. ხატია დარგუაშვილის თქმით, ამჟამად, "ანაპეა" დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება.
"ჩვენი ეკო სოფელი "ანაპეა" ვენახს, მარანს, ღვინის მუზეუმს, სასტუმროსა და საცხოვრებელ სახლებს მოიცავს. საოჯახო ბიზნესი 2014 წელს დავიწყეთ. ვაწარმოებთ ბიო ღვინოებს, მათ შორისაა: ხიხვი, ქისი, საფერავი და სხვა. ჩვენ ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე თითქმის არ ვყიდით და სრულად ექსპორტზე გაგვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია აშშ-ის სხვადასხვა შტატი, კანადა და ევროპის რამდენიმე ქვეყანა. ბიო ღვინოებზე დაინტერესება არ იკლებს.
ძალიან გვინდა საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო განვითარება და გაფართოება. ამ კუთხით იმპორტიორების მხარდაჭერაც ნამდვილად გვაქვს", - აცხადებს ხატია დარგუაშვილი.
მეღვინეობის დამფუძნებლის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ღვინის რეალიზაციის კუთხით გარკვეული პრობლემებია, შესაბამისად, მათ ინტერესს ადგილობრივი ბაზარი არ წარმოადგენს.
ცნობისთვის, "ანაპეას სოფელი" 2024 წლის შემოდგომას გაიხსნა. კომპლექსი 1 ჰა-ზეა გაშენებული და კახეთში, ყვარლის რაიონში მდებარეობს. ტურისტული კომპლექსი "ანაპეას სოფელი" სასტუმროსა და ღვინის მუზეუმს რამდენიმე დღეში გახსნის. კომპლექსი მოიცავს "თავადის სახლს", "აზნაურის სახლს" და სხვა, ჯამში 6 სახლს, მათ შორის, ჯამში 32 სასტუმრო ნომერს, რომელშიც 60-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.