მომდევნო 3-4 წელში საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოებამ, შესაძლოა, 25 ათას ტონას მიაღწიოს - ასეთია მოცვის მწარმოებლების პროგნოზი.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა თორნიკე ფანჯავიძემ განუცხადა, საქართველოში ლურჯი მოცვის მოსავალი წლიდან წლამდე მზარდია და 2025 წელსაც ფერმერები გაზრდილი რაოდენობის პროდუქციას მიიღებენ.
საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია ელოდება, რომ ჯამურად, მიმდინარე წელს, ქვეყანა 7-დან 8 ათასამდე ტონა ლურჯ მოცვს აწარმოებს. გაზრდილი მოსავლიანობიდან გამომდინარე, კი ბუნებრივია განიხილება ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება.
თორნიკე ფანჯავიძის ინფორმაციით, მოცვის ქართველი მწარმოებლები ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, უკვე აქტიურად განიხილავენ აზიური ქვეყნების ათვისებასაც. კერძოდ, მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია წელს მიზნად ისახავს ინდოეთში, დუბაისა და საუდის არაბეთში მოცვის მიწოდების დაწყებას. კიდევ ერთი გრძელვადიანი სამიზნე ბაზარი ჩინეთია.
ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით, მსოფლიო მოცვის ინდუსტრიაში საქართველოს აქვს შანსი, რომ მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველი მიზეზი - მოსავლის მიღების პერიოდია. ქართული მოცვი ივნისი- ივლისის პერიოდში მოდის, ანუ მაშინ როცა მსოფლიოში ლურჯი მოცვის სხვა მწარმოებელი ქვეყნები ბოლო მოსავალს აგროვებენ. შესაბამისად, ქართული მოცვი გლობალურ ბაზრებზე გასაყიდად მაშინ შედის, როდესაც ბაზარზე მისი დეფიციტია, ამიტომ, აქვს შანსი რომ მაღალ საფასო სეგმენტში მოხვდეს.
გარდა ამისა, დარგის ექსპერტების შეფასებით, საქართველოს უპირატესობა მისი მდებარეობაცაა, რის გამოც, ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ბაზრებზე შესაძლოა, მოცვის მეტად ღირებულ მიმწოდებლად იქცეს. ამ ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ლურჯი მოცვი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტად აღიქმება. ჯამში, 2024 წელს ქვეყნიდან 26 მლნ დოლარის ღირებულების მოცვის ექსპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება დარგში არსებულ გამოწვევებს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ლურჯი მოცვი ინტენსიურად მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია შენდება და ის სრულიად ახალი, არატრადიციული კულტურაა ქართველი ფერმერებისთვის, არსებობს მის წარმოებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები. მათ შორის, ექსპერტები უპირველეს ყოვლისა, აგრონომიული ცოდნის დეფიციტს ასახელებენ. ფერმერებს ნაწილმა არ იცის, თუ როგორ მოუაროს სწორად მოცვის ბაღებს.
როგორც თორნიკე ფანჯავიძე განმარტავს, გარდა წარმოების პროცესისა, დაბრკოლებებია ექსპორტის ნაწილშიც, კერძოდ - სამაცივრე მეურნეობების არასაკმარისი რაოდენობა, რაც ცივი ჯაჭვის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, დარგის ექსპერტების შეფასებით, გამოწვევას წარმოადგენს ისიც რომ, ამ დრომდე, საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს საქართველოდან მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება, ვინაიდან მაგალითად, ქუთაისის აეროპორტს კარგო ანუ სატვირთო გადაზიდვების ტერმინალი არ აქვს. შესაბამისად, დასავლეთ საქართველოდან პროდუქტი თბილისში ჩამოაქვთ და უკვე აქედან იგზავნება საჰაერო გზით საერთაშორისო ბაზრებზე. ამიტომ, ქართული მოცვის ექსპორტი, ამჟამად, მხოლოდ ახლო მდებარე ქვეყნებში ხორციელდება.
ცნობისთვის, საქართველოში მოცვის პირველი ნერგები 2011 წელს გაჩნდა და ამ კულტურის წარმოება პროგრამის „დანერგე მომავალის“ ფარგლებში დაიწყო. პირველი კომერციული მოსავალი კი 2015 წელს მიიღეს. თავდაპირველად წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე თითქმის სრულად რუსულ ბაზარზე გადიოდა, შემდეგ კი უკვე ბაზრების დივერსიფიკაცია დაიწყო და ქართული მოცვი ევროკავშირის ქვეყნებშიც გაიყიდა.