logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

400-450 დოლარით გაიაფებულმა ოქრომ ისევ გაძვირება დაიწყო

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასები ისევ მერყეობს. თუ ბოლო, 2-კვირიან პერიოდში, ძვირფასი მეტალის ფასი ეცემოდა და მისი ღირებულება უნციაზე 400-450 დოლარითაც კი იყო შემცირებული,  ოქრომ ისევ გაძვირება დაიწყო და ამჟამად, Reuters-ის ინფორმაციით, 1 უნცია 4020 დოლარი ღირს.

გასულ დღეებში, ძვირფას მეტალზე ფასების კლების მიზეზი აშშ-სა და ჩინეთს შორის, სავაჭრო კუთხით პოტენციური შეთანხმების მიღწევა გახდა, რაც გეოპოლიტიკურ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს და ინვესტორების ყურადღებას საფონდო ბირჟისკენ მიმართავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ოქროს ფასმა მაინც აღმასვლა დაიწყო. შესაბამისად, ანალიტიკოსებს უჭირთ პროგნოზების გაკეთება ძვირფასი მეტალის ფასებთან მიმართებით.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სერგი ყურაშვილმა - Galt & Taggart -ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მოცემულობით, ოქროს ფასი შედარებით შემცირებულია, წლიურ ჭრილში ძვირფასი მეტალი მაინც 50-%-მდეა გაძვირებული და მან ოქტომბრის დასაწყისში ახალ რეკორდულ, ისტორიულ მაჩვენებლებსაც კი მიაღია და უნციაზე 4300 დოლარს გადასცდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალურ ბანკებს კვლავ აქვთ მძლავრი მოთხოვნა ოქროზე, განსაკუთრებით, ჩინეთის ცენტრალურ ბანკს, რომელმაც ივლისის ჩათვლით ზედიზედ ცხრა თვის განმავლობაში იყიდა ოქრო, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ოქროს ფასის ამჟამინდელი, შედარებით შემცირებული მაჩვენებელი დროებითი მოვლენა იყოს და ძვიფასმა მეტალმა წლის ბოლოსთვის ზრდა კვლავ განაგრძოს. ზოგიერთი საინვესტიციო ბანკის მოლოდინით, შესაძლოა, 2026 წლისთვის ოქროს ფასი 4900 დოლარამდე იყოს გაზრდილი“, - აღნიშნა სერგი ყურაშვილმა - Galt & Taggart -ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა. 

რაც შეეხება საქართველოს, გლობალურ ბირჟებზე, ოქტომბრის დასაწყიში ოქროს რეკორდულმა გაძვირებამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქართველ მწარმოებლებზეც. თორნიკე სამხარაძე - „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ბოლო 2 თვე-ნახევარში 1 გრამი შესასყიდი სუფთა ოქრო, როგორც ნედლეული, დაახლოებით, 90 ლარით გაუძვირდათ, რის გამოც, ნაკეთობების გაძვირებაც მოუწიათ 5-6%-ით…

„ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ნაკეთობებზე ფასების ზრდა, ჯერჯერობით, გაყიდვებზე არ ასახულა. ამას ხელი სეზონურობამაც შეუწყო, ვინაიდან ქორწილებისა და ნათლობების პერიოდიაა. გარდა ამისა, საახალწლო პერიოდი იწყება ნოემბრის ბოლოდან, შესაბამისად, ველით, რომ ოქროზე მოთხოვნა და გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.

ოქროს ნაკეთობებზე საქართველოში არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ადგილობრივი მწარმოებლები როგორც ასორტიმენტის, ისე ქსელის გაფართოების საკითხზეც მუშაობენ. მეტიც, მაგალითად, კომპანია „ზარაფხანა“ გაყიდვების წერტილის გახსნას ევროპულ ბაზარზე, კერძოდ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზი გეგმავს და საკითხზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

გამოგვყევით