რიყის დოქების პროექტისთვის, არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო, ინვესტიციების მოზიდვა ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ ბიზნესმენი დავით ხიდაშელის მიერ "ბიზნესპარტნიორისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
დავით ხიდაშელი განმარტავს, რომ მას რიყის დოქების ტერიტორიაზე, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მუზეუმის, მსოფლიო ღვინის მუზეუმის და სხვა მრავალი ტექნოლოგიური სივრცის დაფუძნება სურდა.
ბიზნესმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ : "მრავალი წელია ვმონაწილეობ როგორც ბიზნესში, ასევე საზოგადოებრივ პროექტებში. ყოველთვის ვხელმძღვანელობდი პატიოსნებით, მორალური პრინციპებითა და ქვეყნის ინტერესების მიმართ ერთგულებით. ჩემს ყველა ნაბიჯს თან ახლდა გამჭვირვალობა, პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის მიმართ.
უკვე რამდენიმე წელია გარკვეული მედიასაშუალებები ავრცელებენ სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ მასალებს ჩემს შესახებ. მსგავსი თავდასხმები არ ეფუძნება ფაქტებს, არ არსებობს მათ უკან არც სამართლებრივი, არც მორალური საფუძველი და ეს ყველაფერი არ ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს.
მე მართლაც ბევრ საინტერესო პროექტში განვახორციელე ინვესტიცია საქართველოში: ახტალის კურორტი, ლიბანის დასასვენებელი ზონა, რაჭის ტყეები, ე.წ. რიყის დოქები და ასე შემდეგ.
განსაკუთრებით მკაფიოდ მსურს ჩამოვაყალიბო ჩემი დამოკიდებულება რაჭის ტყეების საკითხთან დაკავშირებით: მე რაჭული წარმოშობის თბილისელი ვარ და გულით მსურდა, ჩემი მშვენიერი მშობლიური კუთხის განვითარებაში პატარა წვლილი შემეტანა. ერთ-ერთი ასეთი სურვილი იყო, ტყის მოვლა და ნადირის გამრავლება აგვეღო ჩვენს თავზე., ზუსტად იმ განზრახვით, რასაც გარემოს დაცვა და ფესვებთან სიახლოვე ჰქვია. ბუნებრივია, ვერანაირი ფინანსური ინტერესი ტურიზმის განვითარების გარდა ამ პროექტში არ არსებობდა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი გახდა სხვადასხვა მედიასაშუალებების უსაფუძვლოდ აგრესიული აქტიურობის გამო, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის არაერთგვაროვანი რეაქციაც გამოიწვია. რა თქმა უნდა, ამ ფონზე პროექტი ვერ განხორციელდა და სახელმწიფომ ლიცენზია გააუქმა?!
აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნო ჩემი ჩართულობა ე.წ. კარტოგრაფების საქმეში: ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილი განზრახვით იყო განხორციელებული. სრულიად გულწრფელად მსურდა დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას ისტორიული საზღვრების შენარჩუნებაში. მე არ ვფლობდი არც იურიდიულ ბერკეტს, არც გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილებას. ჩემი მოტივაცია იყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და პატრიოტული ვალდებულება, რის გამოც უანგაროდ ვეხმარებოდი საქართველოს მთავრობას და თავდაცვის სამინისტროს და თუ დავჭირდები ყოველთვის დავეხმარები ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში.
იგივე განზრახვის ფარგლებში, ჩემი ინიციატივით ღია სახელმწიფო აუქციონზე შევიძინე რიყის დოქები, სადაც მსურდა დამეფუძნებინა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მუზეუმი. სწორედ ეს მუზეუმი უნდა გამხდარიყო სივრცე, სადაც მუდმივ ექსპოზიციაზე გამოიფინებოდა 250-ზე მეტი უნიკალური რუკა, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გადავეცი საქართველოს სახელმწიფოს. მანდვე უნდა განთავსებულიყო მსოფლიო ღვინის მუზეუმი და სხვა მრავალი ტექნოლოგიური სივრცე.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო მათ შორის ჩვენი პირადი ინვესტიციების გარდა, ვერ მოხერხდა სხვა ინვესტიციების მოზიდვა, არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო. ამას ყველა კარგად ხედავს, ამიტომ, ეს წამოწყებაც არ განხორციელდა ბოლომდე და დღეს უკვე რიყის დოქებიც გასხვისებულია.
ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საინვესტიციო აქტიურობა საქართველოში მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად გვიყვარს სამშობლო. რა თქმა უნდა, მომავალშიც შევეცდებით შეძლებისდაგვარად ბევრი სასარგებლო პროექტი განვახორციელოთ.
ამასთანავე, საჭიროდ ვთვლი განვაცხადო:
- არ ვარ და არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკური პროცესების მონაწილე ან პოლიტიკური ძალების ინტერესების გამტარებელი;
- ჩემი „რუსეთში ბიზნეს საქმიანობა“ ათ წელზე მეტი ხნის წინ დასრულდა და მას შემდეგ რუსეთთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს. ტყუილად მაბრალებენ რუსეთთან არ არსებულ კავშირებს.
- ჩემი საქმიანობა სრულად დისტანცირებულია შიდა, ან გარე პოლიტიკური დაპირისპირებებისგან;
- ყველა ცილისმწამებლური მცდელობა, რომ ჩემი სახელი გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ქულების დასაწერად, მკაცრად მიუღებელია.
მოვუწოდებ მედიას:
- დაიცვას ბალანსი,
- შეამოწმოს ინფორმაცია ფაქტობრივად და სამართლებრივად,
- და პატივისცემით მიუდგეს როგორც საზოგადოებას, ისე თითოეულ ინდივიდუმს.
მჯერა, რომ სიმართლე საბოლოოდ იპოვის საკუთარ გზას, და მედია სწორად შეაფასებს ჩემი საქმიანობის მნიშვნელობას", - აცხადებს დავით ხიდაშელი.