logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, Noozly Bakery-მა საახალწლო სუფრის "ბოქსებზე" შეკვეთების მიღება შეაჩერა

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე Noozly Bakery-მა საახალწლო სუფრის "ბოქსებზე" შეკვეთების მიღება შეაჩერა, - ამის შესახებ კაფე-საცხობი მარკეტინგის მენეჯერმა ნინი ძიძიგურმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული მენიუ ლიმიტირებული რაოდენობით დამზადდა, თუმცა კომპანია ახალი წლის შემდეგ მომხმარებლებს  საშობაო "ბოქსებსაც" შესთავაზებს.  

"საახალწლო სუფრის მენიუს ყუთს - FULL OF LOVE შეფმზარეულ ლუკა თოდუასთან ერთად შევიმუშავეთ. ვცდილობთ, რომ აღნიშნული ყუთი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. მთავარი იდეა ამ ყველაფრის არის ის, რომ ადამიანებს შევუმსუბუქოთ საახალწლო სამზადისი და სადღესასწაულო განწყობა შევუქმნათ. გვინდა, რომ მოქალაქეებისთვის ჩვენი პროდუქტი ერთგვარი მუხტის მიმცემი იყოს, რათა კიდევ უფრო დიდი შემართებით გავაგრძელოთ სვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ.

"ნუზლი" ძველქართულად საგზალს ნიშნავს და გვინდოდა მომხმარებლებისთვის ქართული ტრადიციული და რა თქმა უნდა, სახლური გემოები შეგვეთავაზებინა. უმეტეს წილად გატანის სერვისით ვმუშაობთ. საცხობში გვაქვს მზა საკვები, ცომეული და ასევე ტკბილეული. შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა მზარდია და ჩვენთან ერთხელ მოსული მომხმარებელი, აუცილებლად მომავალშიც გვსტუმრობს. ჩვენ აქცენტს ყოველთვის ხარისხზე ვაკეთებთ და გვინდა, რომ მაღალი ხარისხის ნიშა შევინარჩუნოთ", - აცხადებს ნინი ძიძიგური. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - Noozly აპლიკაციის შექმნას, ფილიალების დამატებასა და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს. 

ცნობისთვის, კაფე-საცხობი Noozly მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში გაიხსნა და ამ ეტაპზე, ბაზარზე ერთი ფილიალით არის წარმოდგენილი. ობიექტი 80-მდე დასახელების საკვებ პროდუქტს ამზადებს, რომლის შეძენა მომხმარებლებს ადგილზე, ონლაინ და wolt-ის საშუალებით შეუძლიათ.

გამოგვყევით