logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ღამის სამოსის მწარმოებელი კომპანია "სფუმატო" პროდუქციის განთავსებას Amazon-სა და ebay-ზე გეგმავს

ღამის სამოსის მწარმოებელი კომპანია "სფუმატო" პროდუქციის განთავსებას Amazon-სა და ebay-ზე გეგმავს. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ პერტიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, "სფუმატო" აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მუშაობას ახალი წლიდან დაიწყებს და საწყის ეტაპზე გერმანიის amazon-ზე გასვლას განიხილავს.

"ექსპორტზე გასასვლელად ვემზადებით. ჩვენი მიზანი ამერიკის ბაზარი და უცხოური ონლაინ პლატფორმებია. ჩვენ პროდუქციას ონლაინ ვყიდით და შესაბამისად, განვითარება ამ მიმართულებით გვინდა. ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა ადგილობრივები არიან, ხოლო დაახლოებით, 10% ემიგრანტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან გვიკვეთავენ. ხშირ შემთხვევაში პროდუქციას ყიდულობენ სასაჩუქრე დატვირთვით ყიდულობენ ხოლმე", - აცხადებს მარიამ პერტია.

კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით, 10-15%-ით გაიზარდა. მარიამ პერტია აღნიშნულს რამდენიმე მიზეზს უკავშირებს. კერძოდ მისი განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა. გარდა ამისა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბიზნესზე პირდაპირ აისახება და არჩევნების პერიოდში მათი ბიზნესი თითქმის სრულად დაპაუზდა. 

"სფუმატოს" დამფუძნებელი გაძვირებულ ნედლეულზეც საუბრობს. მარიამ პერტიას თქმით, კომპანია ცდილობს ფასები შეინარჩუნოს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია. 

"ყველაფერი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეა მიბმული. მაგალითად, არჩევნების პერიოდში გაყიდვები თითქმის გაჩერებული იყო, რადგან არავის აინტერესებდა ვაჭრობა. ტექნიკურად რომ განვიხილოთ, აღნიშნულ პერიოდში რეკლამაც არ მუშაობს. მე ონლაინ ბიზნესი მაქვს და შესაბამისად, რეკლამას სოციალურ ქსელში ვუშვებ. არჩევნების პერიოდში სოციალური ქსელების გვერდები დაკავებული იყო საარჩევნო რეკლამებით. ამის გარდა პოლიტიკური მდგომარეობა აისახება ვალუტაზე, ხოლო ვალუტის კურსი ჩვენი ნედლეულის ფასზე. შესაბამისად, ნედლეული როცა ძვირდება ეს ბიზნესზეც ახდენს, რა თქმა უნდა, გავლენას. 8 წელი ხდება, რაც ბაზარზე ვართ და კბილებით გვიჭირავს ფასი, რომ არ გავზარდოთ, მაგრამ როდემდე შევძლებთ არ ვიცი, რადგან ყველანაირი ნედლეული ძვირდება", - აცხადებს მარიამ პერტია.

"სფუმატოს" დამფუძნებელი საახალწლოდ მზარდ გაყიდვებს ელოდება. მისი თქმით, ახალი წლის პერიოდში კომპანიას ყოველთვის კარგი გაყიდვები აქვს. 

ცნობისთვის, "სფუმატო" ბაზარზე 7 წლის წინ გამოჩნდა. კომპანია აწარმოებს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ხალათებს, ქალის პერანგებს, საღამურებს, ღამის სათვალეებს ე.წ. სლიფერებს სასურველი წარწერებით და ორნამენტებიან კიმონოებს, საზღვაო პარეოებს და სხვა. "სფუმატო" პროდუქტს მხოლოდ ონლაინ ყიდის. ნედლეული კი თურქეთიდან და დუბაიდან შემოაქვს. 

გამოგვყევით