ოქროს ფასი იზრდება, დაახლოებით, ბოლო 3-4 დღეში, 1 უნციაზე 80-90 დოლარით მოიმატა, თუმცა საქართველოს რეალობაში ამას აბალანსებს გამყარებული ლარი, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ოქროს საერთაშორისო ფასების ზრდის საკითხზე საუბრისას, „ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოზე მოქმედებს როგორც ოქროს გლობალური ფასები, ისე სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან ლარის გაცვლითი კურსი.
„ლარის გამყარებამ დოლართან მიმართებით იმოქმედა იმაზე, რომ 1 გრამი სუფთა ოქროს ფასი დარჩა სტაბილური და თუ მეტი ზრდა არ მოხდება ოქროს გლობალური ფასის, ამ კონკრეტული გაცვლითი კურსის მიხედვით, ძვირფასი მეტალის ღირებულება დარჩება სადღაც 214-216 ლარის ფარგლებში, საუბარია, 1 გრამ სუფთა ოქროზე“, - აღნიშნა „ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, 1 უნცია ოქროს ღირებულება 2377 დოლარს შეადგენს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გაზრდილი მაჩვენებელია.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2024 წლიდან, ძვირფასი მეტალის ფასი ზრდის ტრენდს აჩვენებდა და წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ის 20%-ითაც კია გაძვირებული. მხოლოდ ბოლო 4 დღეში, ძვირფასი მეტალი, ფაქტობრივად 4%-ზე მეტად გაძვირდა, რასაც ანალიტიკოსები ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს უკავშირებენ. კერძოდ, ანალიტიკოსების თქმით, ამერიკის დასაქმების ბაზრის მონაცემები გამოქვეყნდა, რამაც მიუთითა რომ ქვეყნის დასაქმების ბაზარი შედარებით დასუსტდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკის ფედერალური რეზერვმა შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იმაზე მეტად შეამციროს, ვიდრე პროგნოზირებული იყო.
ექსპერტების განმარტებით, ეს გამოიწვევს იმას, რომ დოლარში დენომინირებული ისეთი საინვესტიციო ინსტრუმენტების შემოსავლიანობა, როგორებიცაა - მაგალითად, სახაზინო და კორპორაციული ობლიგაციები - შემცირდება. შედეგად, ასეთი აქტივებიდან ფული გამოვა და სხვადასხვა აქტივებში განაწილდება, მათ შორის ოქროში.
ანალიტიკოსები ელიან, რომ ოქროზე მოთხოვნის ზრდის და შესაბამისად, ფასების მატების ტენდენცია გაგრძელდება, რაზეც ბუნებრივია დამატებით ზეწოლას ახდენს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებიც. წელს საარჩევნო წელია თვითონ აშშ-შიც. ექსპერტების თქმით, წლის ბოლოსთვის, საშუალო მედიანური მოლოდინი 1 უნცია ოქროზე 2350 დოლარია, თუმცა, რიგი საერთაშორისო ბანკების აზრით, არ არის გამორიცხული რომ, ძვირფასი მეტალის ფასი წლის ბოლოსთვის 2500-2650 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდეს.
ცნობისთვის, მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. სხვადასხვა გეოპოლიტიკური რისკებისა და ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში, სულ უფრო მეტი ინვესტორი ყიდულობს ოქროს, როგორც საინვესტიციო აქტივს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მზარდია მისი ღირებულებაც.