ბაზარზე კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, ძალიან ცუდად აისახება საწარმოებზე, - ამის შესახებ სოციალური საწარმო, სამკერვალო "ლიდერის" დამფუძნებელმა ნინო გიორგაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი შეფასებით, იმისთვის, რომ ბაზარზე კვალიფიციური კადრები იყვნენ, უნდა გადაიხედოს პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის მოდელი.
"ჩვენ გადამზადება გვაქვს და გარკვეულწილად ვპასუხობთ ბაზრის მოთხოვნებს. სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს პროფესიულ სასწავლებლებში და მაინც ვერ ვიღებთ კვალიფიციურ კადრს. მაგალითად, როდესაც კონსტრუქტორი და გამომჭრელი გვჭირდება ვერავის ვიღებთ, ძალიან დეფიციტური პროფესიაა. ვფიქრობ, რომ უნდა გადაიხედოს პროფესიული სასწავლებლების სასწავლო მოდელი, ან სხვა მეთოდით უნდა მოხდეს რეალურად კვალიფიციური კადრის მიღება. აღნიშნული სფერო ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია, თუმცა კადრი მაინც არ არის ", - აცხადებს ნინო გიორგაძე.
რაც შეეხება კომპანიას, ნინო გიორგაძე აღნიშნავს, მათი მომხმარებელთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 40%-ით გაიზარდა.
"კომპანიამ თბილისში დამატებითი ფილიალი გახსნა, სადაც 15-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანია აქტიურად მუშაობს. ჩვენ შეკვეთები ძირითადად სასტუმროებისგან და სხვადასხვა დაწესებულებებიდან გვაქვს", - აცხადებს ნინო გიორგაძე.
ცნობისთვის, საწარმო 2016 წელს ქალაქ გორში დაარსდა. მას სოციალური მიზანი ჰქონდა, რომელიც გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად მოწყვლადი ქალების გაძლიერებას გულისხმობს. "ლიდერის" პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე.