logo
Loading data...

"მაღალი ხარისხის ნედლეულის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე რთულია, ამიტომ მათი შეძენა უცხოურ ბაზრებზე ხდება - "იგრიკა"

"მაღალი ხარისხის ნედლეულის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე რთულია, ამიტომ მათი შეძენა უცხოურ ბაზრებზე ხდება - "იგრიკა"

1715073180

ქართული ორნამენტებისა და თანამედროვე ინტერიერის აქსესუარების სახელოსნო ''იგრიკა" სახელოსნოს გაფართოებას და ე.წ შოურუმის გახსნას გეგმავს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გრიგოლ დალაქიშვილი ''ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ამ ეტაპზე მცირე სახელოსნო საოჯახო გარემოშია მოწყობილი. სახელოსნო-შოურუმის პროექტი გულისხმობს პირდაპირ კომუნიკაციას მომხმარებელთან, სადაც სივრცე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ღია იქნება.

დალაქიშვილი ამ ეტაპზე ინვესტიციის მოცულობას ვერ აკონკრეტებს და აღნიშნავს, რომ ხარჯი ჯერჯერობით დაზუსტებული არ აქვთ, არც პროექტის განხორციელების ვადაა ცნობილი, თუმცა კომპანია გაფართოების პროექტზე მუშაობას 2025 წლისთვის განიხილავს.

რაც შეეხება ,,იგრიკას“ ნამუშევრების სპეციფიკას - ტექსტილის აქსესუარებს,  რასაც გრიგოლ დალაქიშვილი მეუღლესთან - ბაია ლომსაძესთან ერთად ქმნის, უმეტესობა მათ მიერვე შექმნილი,  ხელით  დაბეჭდილი, ტექსტილზე შესრულებული ნამუშევრებია. დიზაინი ქართულ მოტივებზეა დაფუძნებული, განსხვავებული ინტერპრეტაციით იქმნება მათი ესკიზებიც -  რანერი სუფრა და  კედლის დეკორი. ''იგრიკას" ახალი მიმართულება - ქართული ზღაპრების შთაგონებით შექმნილი დეკორია. 

როგორც ''იგრიკას" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, გაყიდვების ტენდენცია მზარდია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალიზაცია დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი.
გრიგოლ დალაქიშვილის თქმით, მსგავსი წარმოების ერთ-ერთი გამოწვევა მაღალი ხარისხის ნედლეულია, რის გამოც შეძენა  ძირითადად უცხოური ბაზრებიდან ხდება.

''ჩვენი მასალების უმეტესობა საზღვარგარეთიდან, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოგვაქვს. ჩვენი მომხმარებელია ქართულ კულტურაზე ან უბრალოდ ესთეტიკურ, მრავალფეროვან ინტერიერზე შეყვარებული ადამიანი, როგორც ქართველები, ასევე ტურისტებიც, ამ სეგმენტზე გაყიდვების თითქმის ნახევარი მოდის. ''იგრიკამ'' მიგვახვედრა,  რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა თანაბრად ძვირფასია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ქართული კულტურა და ტრადიცია იზიდავს. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ მაღაზია საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა უამრავი ადამიანისთვის, მაინც ვფიქრობთ, რომ ნამუშევრების ადგილზე დათვალიერება და მომხმარებელთან პირდაპირი კავშირი წარმოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. სახელოსნო-შოურუმის გახსნის ერთ-ერთი მთავარი მოტივიც ეს არის", - აცხადებს გრიგოლ დალაქიშვილი ''ბიზნესპარტნიორთან".

მისივე ინფორმაციით, პროდუქტის შეძენა შესაძლებელია, როგორც სოციალური ქსელით, ასევე  ''იგრიკას'' ვებგვერდის igrikashop.com-ის მეშვეობით. ბრენდი წარმოდგენილია ასევე ტექსტილის მაღაზიაში ''ბამბა მამბა"   და უკვე VELI.store -ზეც.

ცნობისთვის, ''იგრიკა'',  როგორც ბრენდი, 2020 წლის აპრილში შეიქმნა. სიმბოლურია, რომ იგრიკა უძველესი ქართული სიტყვაა და აპრილს ნიშნავს.

ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო მომხმარებლებს  ხელით ნაბეჭდ სუფრებს, მაგიდის ბილიკებს, ბალიშის პირებს, ჩანთებს, ხელით მოჩუქურთმებულ ხის დაფებს და ასევე უნიკალურ ექს–ლიბრისებს  (ქართულად გაფორმებული ნიშანი)  სთავაზობს.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით