logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"მიმდინარე პროცესებს მოკლევადიანი გავლენა აქვს, ამიტომ დანაკარგზე საუბარი ნაადრევია" - სასტუმრო "წესი"

"ტურიზმი მიმდინარე პროცესების გავლენას განიცდის, მაგრამ ეს უფრო მოკლევადიანი ეფექტია, აქტიურ დატვირთვას ივნისიდან ველოდებით" - ამის შესახებ  "ბიზნესპარტნიორთან"  რაჭაში მდებარე სასტუმრო ‘’წესის“ მენეჯერი შმაგი გელოვანი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, რაჭაში სასტუმროებს დიდწილად სეზონურობა ახასიათებს და ამ მხრივ აპრილ-მაისი ისედაც პასიური თვებია. თუმცა ამ ეტაპზე სეზონურ ფაქტორს მიმდინარე პროცესების გავლენაც დაემატა. როგორც შმაგი გელოვანი აღნიშნავს, არსებული ვითარების მიუხედავად, დანაკარგზე საუბარი ნაადრევია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ტენდენცია დადებითად შეიცვალოს.

როგორც "წესის" მენეჯერი განმარტავს,  სასტუმროს 300 დამსვენებლის მიღების რესურსი აქვს. თუმცა, ამჟამად მომხმარებლების რაოდენობა 60-ია, წინა წლის ანალოგიურ  პერიოდში (მაისში) ეს მაჩვენებელი 120 ვიზიტორს შეადგენდა.

სასტუმროს დამსვენებლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოქალაქეები არიან. რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს, "წესს“  უმეტესად ევროპული ქვეყნებიდან, მათ შორის, პოლონეთიდან და გერმანიიდან სტუმრობენ.

‘’რაჭაში შიდა ტურიზმი საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. აქტიურ პერიოდებში სასტუმროს დატვირთულობა 100%-ს აღწევს, გაზაფხულზე 60-70 %-ია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დამსვენებლების სიმცირე შეიმჩნევა, მოლოდინი მაინც დადებითია. მიმდინარე პროცესების გავლენა ბუნებრივია, მაგრამ ეს მაინც მოკლევადიანი ეფექტია. გაზაფხული ისედაც არ არის აქტიური პერიოდი, ამიტომ არ ვთვლით, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ. ველოდებით, რომ ივნისიდან მდგომარეობა შეიცვლება და გაცილებით მეტი დამსვენებლის მიღებას შევძლებთ“, - აცხადებს შმაგი გელოვანი.

ცნობისთვის, ამბროლაურთან ახლოს მდებარე კლასიკური სასტუმრო "წესი" 2019 წლის აგვისტოდან ოპერირებს. 

რაც შეეხება ტურიზმთან დაკავშირებით მთავრობის მოლოდინს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიისთვის. კერძოდ, პირველ კვარტალში  ქვეყანამ 1,3 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რითაც  კოვიდპანდემიამდელ მაჩვენებელს 40 პროცენტით გადააჭარბა.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ახლა მთავარი დადებითი დინამიკის შენარჩუნებაა.

‘’ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული ინტერესებით, არ შექმნან ნეგატიური მოლოდინები და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია. პირველ რიგში ეს აზიანებს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ტურიზმის ინდუსტრიაში და რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მცირე და საშუალო მეწარმეებს საკმაოდ რთული გამოწვევებით სავსე გასული წლები ჰქონდათ. მათ, ჩვენთან ერთად, ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ასეთი წარმატებული შედეგები გვქონოდა წელს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში“ - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

გამოგვყევით