logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"რეგულაცია კარგია, თუმცა უმნიშვნელოვანესია აღსრულების მექანიზმი, რომელიც რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს" - საქრძე

რეგულაცია კარგია, თუმცა უმნიშვნელოვანესია აღსრულების მექანიზმის სისტემის შექმნა, რომელიც რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს, - ამის შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია "საქრძის" ხელმძღვანელმა კახა კონიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცხოველის საკვების მწარმოებლებისთვის დღეს ამოქმედებულ რეგულაციას, რომლის მიზანიც მომხმარებლების საშიში ტოქსინისგან დაცვაა.

მისივე ინფორმაციით, თუ ეს რეგულაცია არ გავრცელდა მასობრივად,  თითოეულ პირუტყვზე, ეს ნორმატიული აქტი დიდ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს.

"სურსათის უვნებლობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ პირდაპირი ბენეფიციარები ამ რეგულაციის, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია როგორი იქნება ამის შემდგომი კონტროლი. ერთია დადგენილება, რომელიც ავალდებულებს საკვებ მწარმოებლებს და რძის მწარმოებლებს და მეორეა როგორ უნდა განხორციელდეს ამის კონტროლი. რამდენად არიან ფერმერები, საკვებდამამზადებლები გაცნობიერებულები იმაში, თუ როგორ უნდა მოხდეს ამის შემოწმება.

ამ საქმიანობაში ჩართული ადამიანების ცნობიერების ამაღლება, როგორ უნდა მოხდეს შენახვა, ტრანსპორტირება და ამ ყველაფრის იდენტიფიცირება, ეს ერთი საკითხია და თუ ასეთი რამ არ მოხდა, ცუდია. მეორე საკითხია იმ ნიმუშების რაოდენობა, რომელიც აღებული შეიძლება იყოს წლის განმავლობაში, ეს ზღვაში წვეთი იქნება იმ მასასთან შედარებით, რაც ქვეყანაში არსებობს. მაგალითად, თუ 100 ფერმიდან ავიღებთ ნიმუშს ეს სიტუაციას ვერ შეცვლის კონტროლის თვალსაზრისით, რადგან ქვეყანაში დაახლოებით 450 000 მეწველი საქონელია. თუ ეს რეგულაცია არ გავრცელდა თითოეულ პირუტყვზე ეს ნორმატიული აქტი დიდ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს. კარგია, რომ პროცესი დაიწყო ამ მიმართულებით, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი აღსრულების მექანიზმი, სისტემის შექმნა, რომელიც არც ერთი სული პირუტყვი არ დარჩეს გაუკონტროლებელი", - აცხადებს კონიაშვილი. 

ცნობისთვის, დღეიდან ცხოველის საკვების მწარმოებლებისთვის ამოქმედდება რეგულაცია, რომლის მიზანიც მომხმარებლების საშიში ტოქსინისგან დაცვაა. საუბარია აფლატოქსინზე, რომელიც, სპეციალისტების განმარტებით, ადამიანის თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს, ორგანიზმში კი რძისა და რძის პროდუქტების საშუალებით ხვდება. რძეში კი თავის მხრივ, ცხოველის მიერ მოხმარებული დაბინძურებული საკვებიდან გადადის.

რეგულაციის მიხედვით, 2024 წლის 1 ივლისიდან აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება.

გამოგვყევით