logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სოფელ ქანდაში დამზადებული სამედიცინო სასტერილიზაციო მასალები, შესაძლოა გერმანიაშიც გაიყიდოს

სოფელ ქანდაში არსებული საწარმო „ჯიენჯი ჯგუფი“, უკვე 1 წელია ბაზარს უმაღლესი ხარისხის მასალებს აწვდის და იმპორტირებულ შესაფუთ მასალებს უწევს კონკურენციას. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 2 მილიონი ლარია, საიდანაც 1.3 მილიონი თანადაფინანსება EBRD-ს და პროგრამას “აწარმოე საქართველოში” ეკუთვნის.

"ჯიენჯი ჯგუფის"  შესყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი თეო თევზაძე „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ ქართული ნაწარმი ბაზარზე იმპორტირებულ შესაფუთ მასალებთან შედარებით უპირატესია მისი ფასით და ხელმისაწვდომობით, რადგან იზოგება ლოგისტიკური ხარჯები და მიწოდების ვადებიც შემცირებულია.

"პროექტზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო, თუმცა გასატარებელი იყო მთელი რიგი სალიცენზიო და სანებართვო მოთხოვნები, საწარმომ ფუნქციონირება და სამედიცინო სასტერილიზაციო შესაფუთი მასალების წარმოება 2023 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე თვეში საწარმოში თვეში 1000-დან 2000-მდე ხვეულა მზადდება. ჯერჯერობით პროექტი სასტერილიზაციო სამედიცინო შესაფუთ მასალებს მოიცავს, თუმცა დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის სახარჯი მასალების წარმოებაც და წარმადობის ზრდა, რისთვისაც ახალი დანადგარი უკვე შევიძინეთ,"- აცხადებს თევზაძე. 

აღსანიშნავია, რომ ქანდაში წარმოებული შესაფუთი მასალები, კლინიკებისა თუ სალონების 70%-ში უკვე გამოიყენება. თუმცა კომპანიის მიზანი ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის სრულად ჩანაცვლებაა.

„პროექტი უზრუნველყოფს საქართველოში სამედიცინო სფეროსთვის ამ პროდუქციის მიწოდებას, როგორც სტომატოლოგიური, ასევე პატარა სტაციონარული კლინიკებისთვის. ამ შესაფუთ მასალებში ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტების სტერილიზაცია, იმისათვის რომ ავირიდოთ რიგი დაავადებები და დაცული იყოს ის წესები, რაც აუცილებელია ზოგადად სამედიცინო პრაქტიკაში. იმის ფონზე, რომ იმპორტირებული ნედლეულიც მრავლად არსებობს, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, რაც ახალი გეგმების განხორციელებისთვის კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს “-ამბობს „ჯიენჯი ჯგუფის“ გაყიდვების დირექტორი ლელა დუდუჩავა.

კომპანიას მიღებული აქვს საერთაშორისო, ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რის საფუძველზეც ქართული ნაწარმის საერთაშორისო ბაზარზე გატანა თავისუფლად შეუძლია. ამიტომ, საწარმო აქტიურად განიხილავს ექსპორტს და მოლაპარაკებები აქვს პარტნიორებთან, მათ შორის ერთ-ერთ გერმანულ კომპანიასთან.   

გამოგვყევით