logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

TicTic - მეორადი ბილეთების პლატფორმა ბაზარზე 2 კვირაში გაეშვება

TicTic - მეორადი ბილეთების პლატფორმა 2 კვირაში სატესტო რეჟიმში გაეშვება და მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ბილეთები აღნიშნულ საიტზე განათავსონ და გაყიდონ, - ამის შესახებ TicTic-ის დამფუძნებელმა დავით შონიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს ყველა მომხმარებელი ვერიფიკაციას გაივლის.

"სულ უფრო ხშირად ხდება ღონისძიების ბილეთების გადაყიდვა მეორად ბაზარზე. ეს სხვადასხვა მიზეზით შეიძლება მოხდეს - შეიძლება ბილეთის მფლობელი ვერ მიდიოდეს ღონისძიებაზე ან შეიძლება გადაყიდვის მიზნით ჰქონდეს ბილეთები შეძენილი.

დღეს ეს ვაჭრობა ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება და არა რომელიმე ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე. ჩვენ მომხმარებლებს გვინდა შევთავაზოთ კონკრეტულად ამ თემაზე მორგებული პლატფორმა, რომელიც შედარებით უსაფრთხო და სანდო იქნება. უფრო დაზღვეული იქნება რისკები, თაღლითობის ალბათობა შემცირებული იქნება და შესაბამისად, როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი უფრო დაცული იქნება. რეგისტრაცია უფასო იქნება, თუმცა ბილეთის შეძენის შემთხვევაში გარკვეული საკომისიო იქნება გადასახდელი.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის უპირატესობები, რომლებსაც ჩვენ მომხმარებლებს შევთავაზებთ, მოთხოვნადი იქნება. აღნიშნულ პლატფორმაზე პირველ ეტაპზე, მომხმარებლებს მხოლოდ საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების ბილეთების ყიდვა-გაყიდვა შეეძლებათ, რადგან უფრო მარტივი იქნება ბილეთების გადამოწმება და ასევე, მომხმარებლებთან ახლოს ვიქნებით. წლის ბოლოდან უკვე ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ საზღვარგარეთ დაგეგმილი ღონისძიებების დამატება", - აცხადებს დავით შონია. 

ცნობისთვის, სტარტაპი TicTic საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 25 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

გამოგვყევით