logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მცირე ბიზნეს კომპანიებს ქსელურ მარკეტებში შესვლა უჭირთ - "შინაო"

საქართველოში, მცირე ბიზნეს კომპანიებს ქსელურ მარკეტებში  შესვლა უჭირთ. შესაბამისი მოთხოვნა არ არის და ამიტომ ყველა თავს არიდებს, - ამის შესახებ გაყინულ ხილსა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის "შინაოს" კომერციულმა დირექტორმა გიორგი ქვრივიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გარდა ამისა, აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთ შემაფერხებელი ფაქტორი ქსელური მარკეტების მხრიდან დაწესებული გადასახადია.

"ჩვენ ვაწარმოებთ გაყინული ხილსა და ბოსტნეულს. ამჟამად გვაქვს 13 დასახელების პროდუქტი, მათ შორის, 5 არის ხილი, ხოლო დანარჩენი ბოსტნეული. ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან ადგილობრივი ქართველი ფერმერები. მესამე წელია ამ საქმეს ვაკეთებთ და ვიცით, რომელ ფერმერს როგორი მოსავალი აქვს. ჩვენი საწარმო არის ქვემო  ფონიჭალაში, სადაც ხდება პროდუქტის დამუშავება და შოკური მეთოდით გაყინვა, რაც პროდუქტს ყველა დადებით თვისებას უნარჩუნებს. ჩვენი დღიური წარმადობა შესაძლებელია იყოს 3-დან 4 ტონამდე, თუმცა დღეს ამ მოცულობის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მოთხოვნა ჯერჯერობით არ არის. ეს არის პროდუქტი, რომლითაც კერძის მომზადება რამდენიმე წუთში არის შესაძლებელი და ამ სიახლისთვის ქართველი მომხმარებელი მზად არ არის. ჩვენი პროდუქცია იყიდება "გუდვილის" და "ფრესკოს" სუპერმარკეტებში და ასევე, უბნის მაღაზიებში. ქსელებში შესვლა საკმაოდ რთულია. პირველ რიგში უნდა იყოს საინტერესო და გაყიდვადი პროდუქტი და ამის შემდეგ ხდება თანხებზე დალაპარაკება. 

ჩვენს პროდუქციაზე საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი გვაქვს. თუ შევადარებთ იმპორტირებულს დაახლოებით, 50%-იანი და ხანდახან 100%-იანი სხვაობაა ფასში", - აცხადებს გიორგი ქვრივიშვილი. 

გარდა ამისა, კომპანიის კომერციული დირექტორის ინფორმაციით, "შინაო" მომავალში პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. 

ცნობისთვის, კომპანია "შინაო", რომლის საწარმო თბილისში ქვემო ფონიჭალაში მდებარეობს, დაახლოებით, 3 წლის წინ დაარსდა. 

გამოგვყევით