logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ზოგიერთი ქვეყნიდან ამანათების რაოდენობა 100%-ითაც კი არის გაზრდილი" - Inex Group

საფოსტო და საკურიერო კომპანიებში, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში, ქვეყანაში შემოსული ამანათების ზრდაზე მიუთითებენ. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Inex Group-ის დირექტორმა გიორგი კაპანაძემ  განუცხადა, ზოგიერთი ქვეყნიდან ამანათების რაოდენობა 100%-ითაც კი არის გაზრდილი.

„ბოლო წლებში, კერძოდ პანდემიის პერიოდიდან ამ დრომდე, ელექტრონული კომერცია საქართველოში ძალიან გააქტიურებულია - რაც ბუნებრივად აისახა ამანათების რიცხვზე“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ. მისივე თქმით, ძირითადი საიმპორტო ქვეყნები - ამერიკა, ჩინეთი და ევროპის სახელმწიფოებია, მათ შორის გერმანია და საბერძნეთი.

აღსანიშნავია, რომ მზარდია საქართველოდან ამანათების ექსპორტის დინამიკაც, ძირითადად საერთაშორისო გამოფენების ხარჯზე, სადაც ყველაზე ხშირად ქართული ღვინო და სხვა ადგილობრივი ნაწარმი იგზავნება. ამანათების ექსპორტში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ ქართველ ემიგრანტებსაც, რომლებსაც საკუთარი ოჯახის წევრები საქართველოდან სხვადასხვა პირადი მოხმარების ნივთსა, თუ პროდუქტს უგზავნიან.

რაც შეეხება საფოსტო სექტორში არსებულ გამოწვევებს, საფოსტო კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ მათთვის გამოწვევას წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვის პროცესი, რადგან ისინი მთლიანად დამოკიდებულები არიან ავიაკომპანიების განრიგსა და სტაბილურობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შემოსული ამანათების რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია, ავიაბაზარზე სიტუაცია ამ დრომდე არ შეცვლილა და ამანათების საკითხზე საქართველოს ავიაბაზარზე კვლავ ერთეული ავიაკომპანიები მუშაობენ, რის გამოც, არის შემთხვევები, როდესაც ტვირთის გადაზიდვა აგვიანებს, რაც ავტომატურად იწვევს ამანათის დაგვიანებით ჩამოსვლას და მომხმარებლის უკმაყოფილებას“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

Inex Group-ის დირექტორმა ამანათების დაგვიანების საკითხზე საუბრისას, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება.

„გაზაფხულზე ქართულ ბაზარზე მოზღვავებული რაოდენობით ამანათები შემოვიდა, რაც ამ სექტორში ახალი ჩინური პლატფორმა Temu-ს გამოჩენამ განაპირობა. საქართველოს საფოსტო ბიზნესი ამ მოზღვავებული რაოდენობის ამანათებისთვის მზად არ აღმოჩნდა, დაწყებული საბაჟო პროცედურებიდან, დამთავრებული მიტანის სერვისით. თუმცა, ახლა ნელ-ნელა დალაგდა და დასტაბილურდა სიტუაცია“, - განაცხადა Inex Group-ის დირექტორმა.

ცნობისთვის, საქართველოში საფოსტო სექტორი საკმაოდ მსხვილი დამსაქმებელია და მაგალითისთვის, 2022 წლის მონაცემებით, ამ სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 3700 კაცი შეადგინა. რაც შეეხება შემოსავლებს, საქსტატის გამოკვლევის მიხედვით, ასევე 2022 წელს, საფოსტო და საკურიერო საწარმოების შემოსავლებმა 152 მლნ. ლარს გადააჭარბა, რაც 2021 წელთან შედარებით 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო.

გამოგვყევით