logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ენერგეტიკული ბირჟა სწორი საბაზრო ფასის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს - დავით ნარმანია

"ენერგეტიკული ბირჟა მოგვცემს საშუალებას, რომ სხვადასხვა პერიოდში ენერგიის სხვადასხვა ფასი იყოს, რომელიც მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე განისაზღვრება. ეს სწორი საბაზრო ფასის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს", - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისი თქმით, მსხვილმა მომხმარებლებმა შესაძლებელია უფრო იაფიანი ენერგია შეიძინონ, რაც მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას, ან მომსახურებას გააიაფებს.

"მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან გაიხსნა ენერგეტიკული ბირჟა, სადაც ერთი წლის განმავლობაში ვაჭრობა იქნება ნებაყოფლობით, ხოლო 1 წლის შემდეგ ეს ვაჭრობა ბაზრის მონაწილეებისთვის გახდება სავალდებულო. ბირჟა ეს არის ელექტრონული პლატფორმა, სადაც ერთის მხრივ, ენერგიის გენერაციის ობიექტები: ჰიდროელექტრო სადგურები, ქარის და მზის სადგურები თავიანთ ენერგიას განათავსებენ გასაყიდად და მეორეს მხრივ, იქნებიან მყიდველები.

კონცეფციით განსაზღვრულია მსხვილი მომხმარებლები, ბიზნესსექტორი, რომელიც  ელექტროენერგიას სწორედ ამ ბირჟაზე იყიდის. შესაბამისად, ფასის ფორმულირება მოხდება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. ეს პლატფორმა აპრობირებული და ევროპულია, რომელიც წლებია სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება. ეს ერთწლიანი პერიოდი არის გარდამავალი პერიოდი. ამ ერთ წელში სრულად უნდა მოხდეს ბაზრის გახსნა და ამ გარდამავალ პერიოდში ნებაყოფლობით ივაჭრებენ ის პირები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ბირჟის მეშვეობით შეიძინონ ენერგია. განაცხადები გაკეთებული აქვს რამდენიმე გენერაციის ობიექტს. გარდა ამისა, დღეს 2 საათზე ჩატარდება პირველი აუქციონი და ენერგეტიკული ბირჟა დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს შედეგებს. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე კომპანია შევა და იყიდის ენერგიას და შესაბამისად, ის ჩაშენებული სისტემა მოგვცემს საშუალებას, რომ სწორედ მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე განისაზღვროს ფასი. რაც უფრო მეტი გამყიდველი და მყიდველი იქნება, ვაჭრობა მით უფრო სრულყოფილი იქნება, ანუ შეიქმნება ლიკვიდური ბაზარი", - აცხადებს ნარმანია.

ცნობისთვის, დღეიდან საქართველოში ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად  გაიხსნება. ბირჟაზე წარმოდგენილი იქნებიან გენერაციის ობიექტები, მაგრამ მარეგულირებელ ჰესებს (დიდი ზომის ჰესებს) ის არ შეეხება.

გენერაციის ობიექტებთან ერთად ბირჟაზე იქნებიან წარმოდგენილი მსხვილი მომხმარებლები, თუმცა მათი ამ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობით მოხდება. ამავე სისტემაში არ მოხვდება იმპორტირებული ელექტროენერგიაც. აღნიშნული სახით ბაზარი 1 წლის ვადით იმოქმედებს, 2025 წლიდან კი ბაზარი სრულყოფილი სახით ამოქმედდება. 

გამოგვყევით