გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
"სამშენებლო სექტორში ადამიანური კაპიტალის უნარების განვითარება თანამედროვე ევროპული სისტემების შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" USAID-ის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" ხელმძღვანელის მოადგილემ, საბა სარიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც სამშენებლო კომპანია "ელემენტ ჰოლდინგთან" უნდა განხორციელდეს, სატრენინგო ცენტრის დაფუძნება მოხდება.
"სატრენინგო ცენტრი ორიენტირებული იქნება სამშენებლო მიმართულებით, უნარების განვითარებაზე, რათა მასალების სწორად გამოყენება და სისტემის დანერგვა მოხდეს. 16 პროგრამიდან, 13 ავტორიზებული, ხოლო 3 არაფორმალური პროგრამა იქნება,"- აცხადებს სარიშვილი.
მისივე ცნობით, პირველ რიგში ტრენერების გადამზადება მოხდება და შემდეგ ისინი უკვე სტუდენტებს გადაამზადებენ.
რაც შეეხება სტუდენტების შერჩევის პროცესს, კომპანია სტუდენტებს ქვეყანაში არსებული, აპრობირებული მეთოდით შეარჩევს, რომლის ფარგლებშიც 300 ადამიანის გადამზადება მოხდება. გადამზადებული კადრებიდან დაახლოებით 150 ადამიანი არსებულ სამსახურში პოზიციას გაიუმჯობესებს, ხოლო დანარჩენ კანდიდატებს სექტორში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.