logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სავაჭრო ფართებზე მაღალი მოთხოვნა არსებობს, დეველოპერები კი ამ მოთხოვნას ვერ ეწევიან" - ლევან ყარალაშვილი

რითეილ სექტორი კვლავ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე მიუთითებს. სექტორში ამბობენ, რომ 1 წლის წინ ხელფასები გაზარდეს, საბონუსე სისტემაც გააუმჯობესეს, თუმცა გამოცდილი კადრის მოძიება მაღალ პოზიციებზე, როგორიც არის მაგალითად,  მენეჯერი - ისევ გამოწვევაა. მიზეზად, კვლავ, ქვეყნიდან გამოცდილი კადრების გადინება სახელდება.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელზეც სექტორში საუბრობენ და ეს პრობლემაც არ არის ახალი - დიდი სავაჭრო ფართების დეფიციტია. კერძოდ, დედაქალაქში არსებულ მსხვილ მოლებში ამბობენ, რომ ისინი თითქმის 100 პროცენტიანი დატვირთვით მუშაობენ, რაც ერთი მხრივ, ახალი და დიდი ფორმატის ბრენდების შემოყვანის პროცესში, დაბრკოლებას წარმოადგენს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა, ორგანიზებული სავაჭრო ცენტრების ნაკლებობაა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც, მათ შორის ბათუმსა და ზუგდიდში, სადაც არსებული სავაჭრო ცენტრები ასევე სრული დატვირთვით მუშაობს. ამიტომ, დიდი ფორმატის ბრენდებს, რომლებსაც საქართველოში შემოსასვლელად სჭირდებათ 500-დან 3000 კვადრატულ მეტრ ფართამდე, ასეთი სივრცის მოძიება უჭირთ.

„სავაჭრო ფართებზე მაღალი მოთხოვნა არსებობს, დეველოპერები კი ამ მოთხოვნას ვერ ეწევიან. ახალი ბრენდები, რომლებსაც საქართველოში შემოსვლა უნდათ, ვერ პოულობენ იმ ტიპის, ფორმატის და ზომის ფართებს, რომ შემოვიდნენ და საკუთარი ბრენდის სტანდარტით გააკეთონ მაღაზიები. ყველა სავაჭრო ცენტრი, თითქმის, 100 პროცენტით არის დატვირთული, ამიტომ, რთულია მათთან თამამი მოლაპარაკების წარმოება. ამიტომ, ახალი სავაჭრო ცენტრების რაღაც პროექტები თუ არ გაჩნდება, ვფიქრობ, თვითონ სექტორის ზრდა ისეთი აქტიური და დინამიკური ვერ იქნება. მაგალითად, ბალტიის ქვეყნები რომ მოვიყვანოთ და რიგას შევადაროთ თბილისი, ერთ სულ მოსახლეზე, თითქმის სამჯერ ჩამოვუვარდებით სავაჭრო სივრცეების კუთხით, ორგანიზებული სივრცეების მოცულობაში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აფერხებს, ამ სექტორის ზრდას“, - აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

რაც შეეხება, გაყიდვების მაჩვენებელს, რითეილ სექტორი წელსაც ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. „თბილისი ცენტრალის“ დირექტორის თქმით, მათი ბრუნვის ზრდა აღარ არის ისეთი თვალშისაცემი, როგორც ეს პირობითად 2023 და 2022 წელს იყო, თუმცა გასული წლის ზაფხულთან შედარებით, მონაცემები მცირედით მაინც გააუმჯობესეს. ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნებაა ნავარაუდები წლიურ ჭრილშიც.

გამოგვყევით