logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩირიფრუტი" ასორტიმენტს აფართოებს - კომპანია წლის ბოლომდე 2 ახალი პროდუქტის დამატებას გეგმავს

ქართული ტკბილეულის კომპანია "ჩირიფრუტი"  ასორტიმენტის გაფართოებას გაგმავს. კომპანია წლის ბოლომდე 2 ახალი პროდუქტის - შოკოლადში ამოვლებულ ფინიკის და ფორთოხლის  დაამატებას განიხილავს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ახალი პროდუქტები ქსელურ მარკეტებში გაიყიდება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქტები მომავალში, შესაძლებელია, საექსპორტოდაც საინტერესო იყოს.

"თითქმის დასრულებული გვაქვს დიზაინი და გემოები. ასევე, დავამზადეთ განსხვავებული შეფუთვები. გარდა ამისა, ახალი პროდუქტების საწარმოებლად ორი დანადგარი შევიძინეთ, რომლის ღირებულებაც 70 000 ლარი იყო. ოქტომბრის ბოლოს, სავარაუდოდ, დასრულებული სახით გვექნება და პროდუქტები ბაზარზე ახალ წლამდე გამოჩნდება", - აღნიშნა სოფიო ჯიქიამ.

გარდა ამისა, "ჩირიფრუტის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანიის ტკბილეულზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე მზარდია. მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა, დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. 

ცნობისთვის, შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

ჩირიფრუტი“ 80-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს.  კომპანიის წლიური წარმადობა 30 ტონაა. დასაქმებულია 30-ზე მეტი  ადამიანი.

გამოგვყევით