logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

HORSETOURS.GE ყირგიზეთის ბაზარზე გავიდა

HORSETOURS.GE ყირგიზეთის ბაზარზე გავიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ანა ნადირაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, დაინტერესებულ პირებს საცხენოსნო ტურების დაგეგმვა ყირგიზეთში მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით HORSETOURS.GE-ის ყირგიზეთში მომხმარებელი არ ჰყოლია, თუმცა ანა ნადირაძეს დაინტერესების გაზრდის მოლოდინი აქვს.

HOURSETOURS.GE-ის დამფუძნებლის ცნობით, სტარტაპი თურქეთში გასასვლელადაც ემზადება.

"ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ, 3 თვეში თურქეთის ბაზარზეც ვიქნებით. ჩვენი სერვისის მიმართ თურქეთიდან რამდენიმე დაინტერესება იყო და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აღნიშნული ბაზრის ათვისება.

ახლა უკვე, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი საცხენოსნო ტურების არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყირგიზეთში დაგეგმვა. სამომავლოდ კი ამ ჩამონათვალს თურქეთიც შეუერთდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამით არ შემოვიფარგლებით და ვგეგმავთ სხვა ქვეყნების ეტაპობრივად ათვისებას", - აცხადებს ანა ნადირაძე.

გარდა ამისა, HORSETOURS.GE-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საცხენოსნო ტურების მიმართულება ძალიან პოპულარული გახდა და მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, თითქმის გასამმაგდა. 

ცნობისთვის,პლატფორმა horsetours.ge  საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით, 2 წლის წინ შეიქმნა.

სტარტაპი დარგის გაციფრულებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე სერვისის მიმწოდებლისთვის. სტარტაპის პროექტმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

გამოგვყევით