logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

შემოდგომის სეზონზე 55%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ - "ლოპოტა სპა რეზორტი"

შემოდგომის სეზონზე 55%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ,  - ამის შესახებ სასტუმრო "ლოპოტა სპა რეზორტის" კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი ინფორმაციით,  ზაფხულისგან განსხვავებით, შემოდგომის სეზონზე საერთაშორისო დამსვენებლების რაოდენობა იკლებს.

"სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ჩვენთან უფრო მეტად ქართველი მომხმარებლები ისვენებენ. მუდმივად გვაქვს მასტიმულირებელი ღონისძიებები ჩვენი მომხმარებლებისთვის. ახლახან გვქონდა რთველის ფესტივალი, რომელსაც ყოველწლიურად ვატარებთ. ასევე, ოქტომბერში ჩოგბურთის ტურნირი გაიმართება, სადაც მოყვარული ჩოგბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. ამის შემდგომ  დაგეგმილი გვაქვს Halloween-ის ღონისძიებაც. გარდა ამისა, ჩვენს ჯაზკლუბში ყოველ შაბათ-კვირას ჯაზ-საღამოები იმართება,რაც  მომხმარებლებისთვის ძალიან საინტერესოა", - აცხადებს მაკა ღლიღვაშვილი.

გარდა ამისა, სასტუმროს კომერციული დირექტორი განვლილი ზაფხულის სეზონსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ მოთხოვნა 30%-ით იყო გაზრდილი, ხოლო დამსვენებლები ძირითადად, ისრაელიდან იყვნენ.

"ზაფხულის სეზონი ძალიან წარმატებული იყო და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. 2023 წლის მონაცემებთან შედარებით, ზრდა საკმაოდ მაღალი იყო. ჩვენ ამ ზაფხულს გავხსენით დამატებითი ობიექტები. მათ შორის, 80-ნომრიანი მე-16-ე კორპუსი, რომელიც 74 პრემიალური კატეგორიის, ხოლო 6 ლუქსის ტიპის ნომერს მოიცავს. გარდა ამისა, გავხსენით აკვაპარკი და ჯაზკლუბი. შესაბამისად, მაღალი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასტუმრო დაახლოებით 30%-ით გაფართოვდა და მოთხოვნაც ანალოგიურად იყო გაზრდილი.

რაც შეეხება დამსვენებლებს - წელს განსაკუთრებით აქტიური იყო ისრაელის ბაზარი. ჩვენ ქართველი მომხმარებლები მუდმივად გვყავს და ზრდა ქართველი მომხმარებლების კუთხით არ ყოფილა, სტაბილური მაჩვენებელია შენარჩუნებული. ივნისი-ივლისის პერიოდში ქართველები ჩვენი დამსვენებლების 50%-ს შეადგენს ხოლმე. აგვისტოში უფრო საერთაშორისო ტურისტები სჭარბობენ", - აცხადებს მაკა ღლიღვაშვილი.

შეგახსენებთ, „ლოპოტა სპა რეზორტი" ბაზარზე  2008 წლიდან არის წარმოდგენილი.  ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია.  ამ დროისთვის "ლოპოტა სპა რეზორტი" ჯამში 311 სასტუმრო ნომერს მოიცავს. 

გამოგვყევით