მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, „სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, ფასის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და ფასის შემცირება 5%-იანი იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება.
ასოციაციის წევრი კომპანიები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ფასების კლებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
კომპანიებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა, შესაძლებელია, იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება.
ამასთან, ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა რითეილ სექტორთან ფასნამატების შემცირების მიმართულებით გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე.
როგორც მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები აცხადებენ, მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
შეგახსენებთ, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებს. დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო კომისიამდე ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება.
1tv.ge