სუბლიმირებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია Chrunch-una თბილისში სტენდის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გია ოგანეზიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ამჟამად სავაჭრო ცენტრებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და სტენდი, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს უნდა გაიხსნას.
მისივე ინფორმაციით, გაფართოების გადაწყვეტილება მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს და აღნიშნულ პროექტში, დაახლოებით, 10 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
"ბაზრის მოკვლევა 1 წლის წინ და თვითონ წარმოება და გაყიდვა 6 თვის წინ დავიწყეთ. ეს ადგილობრივ ბაზარზე აუთვისებელი ნიშა იყო და შესაბამისად, გაგვიჩნდა სურვილი, რომ ეს მიმართულება აგვეთვისებინა. სუბლიმირებული ხილის ნაწილი უცხოეთიდან შემოგვაქვს და აქ დაფასოება ხდება, ხოლო პროდუქციის ნაწილს ადგილზე, ჩვენს საწარმოში, ადგილობრივ ბაზარზე არსებული ხილისგან და ტკბილეულისგან ვამზადებთ. ამ ეტაპზე 10-მდე დასახელების სუბლიმირებული პროდუქტი გვაქვს. ამჟამად, რეალიზაცია ონლაინ ხდება, თუმცა, რა თქმა უნდა, გაფართოების სურვილი გვაქვს. კერძოდ, გვინდა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე სტენდის სახით ვიყოთ წარმოდგენილი და აღნიშნულთან დაკავშირებით, სავაჭრო ცენტრებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.
აღსანიშნავია, რომ სუბლიმირებულ პროდუქციაში ყველა ის თვისებაა შენარჩუნებული, რაც მანამდე იყო, მათ შორის, შაქარი, ნახშირწყლები, ვიტამინები და ა.შ. სუბლიმაციის მეთოდი პროდუქციიდან წყლის აორთქლებას გულისხმობს. მაგალითისთვის, 10 კგ მარწყვიდან 1 კგ სუბლიმირებული მარწყვი მიიღება. პროდუქცია გაყინვის მეთოდით ხდება და საწარმოო პროცესი 24-დან 36-საათამდე გრძელდება. ასეთი პროდუქტის ტრანსპორტირება უფრო მარტივია, დანამატების გარეშეა და ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, მათთვის ძალიან მისაღებია. გარდა ამისა, სუბლიმირებული ხილის მირთმევა სასარგებლოა ბავშვებისთვისაც", - აცხადებს გია ოგანეზიანი.
ცნობისთვის, კომპანია "Chrunch-una - ხრაშ-უნას" საწარმო თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას 34 ნომერში მდებარეობს და ამჟამად, 10-მდე დასახელების სუბლიმირებულ პროდუქტს აწარმოებს.