logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თბილისის თიზ-ის საშუალებით უკვე შესაძლებელია ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობა" - სოსო ნიბლაძე

თბილისის თიზ-ის საშუალებით უკვე შესაძლებელია ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობა, - ამის შესახებ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მფლობელმა და ადმინისტრატორი კომპანია "ზოტი ჰოლდინგის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა სოსო ნიბლაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის თიზ-ში ორი ფარმაცევტული საწყობი იქნება. 

"ჩვენ ძალიან წარმატებით შევძელით სხვადასხვა დარგის კონსოლიდაცია თბილისის თიზ-ში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარმაცევტული ინდუსტრია. ჩვენთან გასულ წელს დასრულდა უკვე პირველი GDP სტანდარტის ფარმაცევტული საწყობის მშენებლობა. ასეთი ტიპის საწყობი პრინციპში უპრეცედენტოა საქართველოში. ეს აზერბაიჯანულმა კომპანიამ დაასრულა და იწყებს ამ საწყობის ფუნქციონირებას. რეგიონში და მთლიანად ამ დარგში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ ამ საწყობის საშუალებით ხდება ფარმაცევტული ვაჭრობა ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, ფარმაცევტული საწყობის მეორე პროექტიც დაწყებულია. ჩვენი ინვესტიციით განხორციელდა თვითონ შენობის მშენებლობა, ხოლო საინჟინრო გადაწყვეტილებები კომპანიის მიერ. დაახლოებით, 2000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე დამატებით ფუნქციონირებს მეორე GDP სტანდარტის საწყობი. თბილისის თიზ-ი რეგიონში, შემდგომი დისტრიბუციის მიზნით, ბიზნეს-ჰაბი ხდება", - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

გარდა ამისა, როგორც სოსო ნიბლაძემ აღნიშნა, თბილისის თიზ-ში უკრაინული პროექტი ხორციელდება, რომელიც საფასადე ბადეების წარმოებას და ექსპორტს, მათ შორის, საქართველოში დისტრიბუციას გულისხმობს.

"ჩვენ დავასრულეთ მშენებლობა მათთვის და კომპანია უკვე ოპერირებს. რომ დავყოთ, ინფრასტრუქტურაში განხორციელდა დაახლოებით, 3 მლნ ლარის ინვესტიცია და ცალკე ინვესტორმა დაახლოებით, 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა დანადგარებში და უკვე წარმოების ინტენსიურ ფაზაზე გადადის. მომავალი წლიდან გეგმავს გაფართოებას", - აცხადებს ნიბლაძე.

ცნობისთვის, თბილისის თიზ-ი 2016 წლიდან ოპერირებს, თუმცა „ზოტი ჰოლდინგმა“ თბილისის თიზ-ის შესყიდვა 2023 წლის აპრილში დაასრულა. „ზოტი ჰოლდინგი“ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების ე.წ. გაერთიანებას წარმოადგენს.

გამოგვყევით