logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Telavi Mall-ში პოლონური ბრენდი Sinsay-ის პირველი მაღაზია გაიხსნება - კიდევ რომელი ბრენდები განთავსდება მოლში?

Telavi Mall-ში საქართველოს ბაზარზე ახლად შემოსული პოლონური ბრენდი Sinsay-ის პირველი ბრენდული მაღაზია გაიხსნება, -  ამის შესახებ კომპანია MP Development-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პაპუნა კაციტაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, Sinsay საქართველოს ბაზარზე, თავდაპირველად, 2 ფილიალით იქნება წარმოდგენილი.

"Telavi Mall-ის გახსნას ნოემბერში ვგეგმავთ. ამჟამად, მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და უშუალოდ შენობაში მოიჯარეები ახორციელებენ რემონტს. სავაჭრო ცენტრის 65% უკვე გაქირავებულია. MP Development-ს მოლაპარაკებები სხვადასხვა ბრენდთან აქვს. რამდენიმე კომპანიისგან დასტურს ველოდებით და აღნიშნულ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე ახლად შემოსული პოლონური ბრენდის Sinsay-ის მაღაზიები East Point-სა და Telavi Mall-ში განთავსდება. სავარაუდოდ, პირველი ფილიალი Telavi Mall-ში გაიხსნება, ხოლო შემდეგ – East Point-ში, რადგან ჩვენთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვთ.

აღნიშნულის გარდა, Telavi Mall-ში წარმოდგენილი იქნება ისეთი ბრენდები როგორიც არის - LC Waikiki, Ici Paris, სათამაშოების მაღაზია - "ჭიტა", Miniso, "ავერსი", სუპერმარკეტი - "კალათა", Grand Electronics, Dunkin’ Donuts,  Pizza di Roma, Coffee Corner, კინოთეატრი - Dream Cinema, Bebe, სათამაშოების მაღაზია "პეპელა", "ბიბლუსი", "კოსმო", Corso Italia,  Uno Shoes, Blutabla და სხვა. გარდა ამისა, აქტიური მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე ბრენდთან, მათ შორის, MCDonald's-თან და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხით წარმატებით დასრულდება.

სავაჭრო ცენტრს 15 000 მ² უჭირავს, ხოლო დანარჩენი ტერიტორიის ათვისება ეტაპობრივად მოხდება. ვაპირებთ, რომ დარჩენილ ფართობზე 5000 მ²-ზე სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი "დომინო" შევიყვანოთ. ამას გარდა, ვგეგმავთ ავეჯის სარეალიზაციო ცენტრის მოწყობას, როგორიც თბილისში არის "საბა". ამას გარდა, მომავალში ვგეგმავთ გამაჯანსაღებელი ცენტრისა და ავტო სერვისის განთავსებას”, - აცხადებს პაპუნა კაციტაძე.

ამასთან, MP Development-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ობიექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, MP Development-ი საქართველოს კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. MP Development-ი "ვისოლ ჯგუფის", ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგ კომპანიის და საინვესტიციო კომპანია "რივერსაიდ ინვესტის" წევრია საქართველოში. კომპანიის მიზანია იყოს უმსხვილესი და ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი კომერციული უძრავი ქონების მმართველი კომპანია ქვეყანაში.​ მათი პორტფელი მოიცავს  - 13 სავაჭრო ცენტრს თბილისსა და რეგიონებში, საერთო გასაქირავებელი ფართით 55,490 მ².

გამოგვყევით