სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ ექსპორტიორი კომპანიების მხრიდან მიმართვიანობა მაღალია. როგორც თორნიკე ზირაქიშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, სააგენტოს მიერ შექმნილ პლატფორმაზე, Trade with georgia.com -ზე 1200-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული.
„ეს მოცულობა ექსპორტიორი კომპანიების დიდ ნაწილს ფარავს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში გამოფენაში მონაწილეობის მსურველების მომართვიანობა 20-30%-ით აჭარბებს იმ კვოტას, რისი დაკმაყოფილებაც ჩვენ შეგვიძლია. თუმცა, წლიდან წლამდე ვცდილობთ გავზარდოთ მასშტაბი და უფრო მეტი კომპანია წავიყვანოთ სხვადასხვა მასშტაბის გამოფენაზე“,-აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.
მისივე განმარტებით, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ყველა კომპანიის პრიორიტეტია.
„ესაა მუდმივი პროცესი, რომელსაც კომპანია გადის. ამის კარგი მაგალითია სინგაპურში გამართული ღონისძიება, ათზე მეტი კომპანია წავიყვანეთ ამ გამოფენაზე. აღსანიშნავია, რომ პირველად წარსდგა საქართველო ამ ბაზარზე ასეთი მასშტაბით. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალყურს და ვესაუბრებით კომპანიებს, თუ სად ხედავენ ისინი პრიორიტეტებს. არსებობს, რა თქმა უნდა, უფრო კლასიკური ბაზრები, ხშირად ვესწრებით გამოფენებს ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ექსპორტზე ორიენტირებული სააგენტო. თუმცა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ექსპორტიორებისთვის გვაქვს ყველა სახის შეთავაზება, რაც მათ შეიძლება დასჭირდეთ სხვადასხვა ეტაპზე. იქნება ეს სესხის სუბსიდირების კომპონენტი, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, განათლების პროგრამები, გრანტები, შემსყიდველებთან დაკავშირებაში ხელშეწყობა თუ სხვა“,-აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.