"თუ გადავხედავთ 10 წლიან პერიოდს, HoReCa სექტორში და სასტუმროების მშენებლობაში უდიდესი ინვესტიციები განხორციელდა, როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც იყო სერიოზული ხელშეწყობა" – ამის შესახებ სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელმა ბენო ქაშაკაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ტურიზმის სექტორზე აისახება, რასაც დაბალი სეზონი და უთოვლობაც დაემატა. ამასთან, ის ქაოსი, რომელიც ქვეყნის შიგნით წარმოიშვა, საკმაოდ აზარალებს ამ სფეროს, რადგან შიდა სერვისზე უარი თქვა ყველამ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მოთხოვნასთან ერთად, სექტორში სადღესასწაულო განწყობაც დაიკარგა.
„სახელმწიფოს სტრატეგია, მე როგორც ვხვდები ასეთია, რომ ვითანამშრომლოთ ყველასთან, გარდა სანქცირებული ქვეყნებისა და სანქცირებული პერსონებისა, რაც სწორია. თუ გვინდა, რომ ეს სფერო განვავითაროთ, არ უნდა დავყოთ ტურისტები კატეგორიებად. მაგალითად, ყაზახეთის მიმართულებაზე გახუთმაგდა რეისების სიხშირე. აზიის ქვეყნებმა კი ამ კუთხით ძალიან დიდი ეფექტი მოახდინეს“,- აღნიშნავს, ბენო ქაშაკაშვილი.
რაც შეეხება 2025 პროგნოზს ტურისტების გაზრდილ ნაკადთან დაკავშირებით, ბენო ქაშაკაშვილი აღნიშნავს, რომ დაბალი და მაღალი სეგმენტის ტურისტებს ბაზარი თვითონ დაარეგულირებს. მისი თქმით, არიან ისეთი ვიზიტორები, რომლებსაც პერსონალურად ემსახურებიან, პერსონალურ ფრენებს უგეგმავენ, თუმცა ზოგადად საქართველოს ბაზარი ამისთვის ინფრასტრუქტურულად მზად არ არის, განსაკუთრებით კი რეგიონებში.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ მაღალგადამხდელუნარიან ტურისტებზე და პერსონალურ მომსახურებაზე, ნომერ პირველი პრობლემა არის გადაადგილება და ინფრასტრუქტურის არქონა.
რეალურად ტურიზმის სექტორი ყველა ქვეყანაში ვიზიტორების ნაკადს ეყრდნობა. მაგალითად,როდესაც იტალიაში ან საფრანგეთში მილიონობით ტურისტი ჩადის, ხარჯავს მინიმალურს, თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადების აქტივობა. ამ პროცესში მონაწილეობას იღებენ ჩვენი მოქალაქეებიც, შედეგად იზრდება აღნიშნული ქვეყნების ბიუჯეტი, სამუშაო ადგილები, კეთილდღეობის დონე, რადგან ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული," - აცხადებს ქაშაკაშვილი.
სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელი საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ფრენების დაწყების შესაძლებლობასაც მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული ქვეყანა არის როგორც საფინანსო, ისე ტურიზმის ცენტრი, ასევე ბრიტანეთი ყველაზე მოკლე გზაა ამერიკის კონტინენტთან დასაკავშირებთლად.