„ნეგატიური ურთიერთობა, რაც ამჟამად არის დასავლეთსა და საქართველოს შორის, კარგა ხანია გვაზარალებს პირდაპირ, თუ ირიბად მრავალი კუთხით და ეს გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების განვითარებაზე, თუმცა თუ საუბარია კონკრეტულად შუა დერეფნის განვითარებაზე, ის მაინც განვითარდება, მისი განვითარება უალტერნატივოა“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, შუა დერეფნის განვითარებაზე მეტყველებს ის სტატისტიკური მაჩვენებლებიც, რაც გვაქვს წლიდან წლამდე შუა დერეფანში, ტვირთბრუნვის და კონტეინერების ზრდის კუთხით.
„აქ იმდენად ეკონომიკურ ჭრილში გამოწვევას ვერ ვხედავ, რამდენადაც პოლიტიკურ ჭრილში განცხადებების დონეზე. საქართველოს ხომ ეს ყველაფერი სჭირდება იმისთვის, რომ თავისი გეოპოლიტიკური სტატუსი, უსაფრთხოების გარანტიები და იმიჯი შეიქმნას როგორც რეგიონის ჭრილში, ისე ევროკავშირის თვალში. ამიტომ, როცა აქ ხდება საქართველოს დამსახურებების უგულებელყოფა, ეს არის ძალიან სამწუხარო. თორემ, ის ფინანსური შემოსავალი, რაც ჩვენ ამ კორიდორიდან შეგვიძლია მივიღოთ, ჩვენ ამ შემოსავალს მაინც ვიღებთ. თუმცა, უფრო მისასამლებელი იქნებოდა, რომ ამ ღირებული პროექტის ხარჯზე, ევროკავშირს უფრო მეტად გაეძლიერებინა პროპაგანდა, რომ საქართველო როგორც უალტერნატივო პარტნიორი, ევროკავშირის სტაბილური მეგობარი, იმსახურებს რაღაც ახალს - თუნდაც, თანამშრომლობას რომელიმე სფეროში, ეს დამატებით სტიმული კარგი იქნებოდა“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.
მან საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნაწილზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობა უნდა ახერხებდეს, მოაწესრიგოს ურთიერთობები ევროკავშირთან.
„შეიძლება ვიზიარებდე ცალკეულ მიმართულებებში საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩემი გადმოსახედიდან, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა არის უალტერნატივო. ჩვენ ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ გვაქვს, შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს თავისი ინტერესების დაცვით, იმ საერთო ინტერესების დაცვაც, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ერთობლ მომავალს განაპირობებს“, - აღნიშნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორმა.