logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ვაკის ხორცპროდუქტები" წელს, დამატებით 5-მდე ახალი საფირმო მაღაზიის გახსნას გეგმავს

"ვაკის ხორცპროდუქტები" ქსელის გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი ლევან ჩხაიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანია მიმდინარე წელს დამატებით 5-მდე ახალ საფირმო მაღაზიას გახსნის. 

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონკრეტული ლოკაციები შერჩეული არ არის, თუმცა გაფართოება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში განიხილება.

"ჩვენი პროდუქცია მოთხოვნადია. სწორედ ამიტომ მიმდინარე წელს გაფართოებას და საფირმო მაღაზიების დამატებას ვფიქრობთ. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ნახევარფაბრიკატების მიმართულების განვითარებაც გვინდა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები დაახლოებით, 5-10%-ით არის გაზრდილი და ეს სწორედ, ფილიალების დამატების ხარჯზე მოხდა. მიმდინარე წელს წარმადობის ზრდას არ ვგეგმავთ, რადგან საკმარისი რაოდენობის პროდუქცია იწარმოება. რაც შეეხება ფასებს - მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულზე ფასი იზრდება, ჩვენ ვცდილობთ არსებული ფასები შევინარჩუნოთ", - აცხადებს ლევან ჩხაიძე.

როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში "ვაკის ხორცპროდუქტები" ექსპორტის მიმართულების განვითარებას, გარკვეული მიზეზების გამო, არ გეგმავს.  

ცნობისთვის, ქართული ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკე" 1961 წელს დაარსდა.  ამ დროისთვის კომპანია მხოლოდ 20-მდე ობიექტითაა წარმოდგენილი და 75-მდე სახეობის ხორცპროდუქტს აწარმოებს. კომპანია პროდუქციას გლდანში მდებარე საწარმოში აწარმოებს.

გამოგვყევით