დაახლოებით, 2 თვეში ბაზარზე "ვაკის ხორცპროდუქტების" გაყინული ნახევარფაბრიკატები გამოჩნდება, - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ლევან ჩხაიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საწყის ეტაპზე კომპანია გაყინული ხინკლის წარმოებას დაიწყებს, ხოლო შემდეგ პელმენის დამატებაც იგეგმება.
"მიმდინარე წელს ასორტიმენტის გაფართოების კუთხით მუშაობა აქტიურად გვაქვს დაწყებული და ძალიან მალე ნახევარფაბრიკატები ჩვენს საფირმო მაღაზიებში გამოჩნდება. აღნიშნულის წარმოება, რა თქმა უნდა, ჩვენს საწარმოში მოხდება. ნახევარფაბრიკატებზე მოთხოვნა ყოველთვის იყო და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მომხმარებლებს ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზოთ. აღნიშნული მიმართულების განვითარება კადრების დამატებასაც გამოიწვევს და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოთხოვნა რა მასშტაბს მიიღებს", - აცხადებს ლევან ჩხაიძე.
რაც შეეხება "ვაკის ხორცპროდუქტების" გაყიდვების მაჩვენებლებს - როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი აცხადებს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები დაახლოებით, 5-10%-ით არის გაზრდილი.
ცნობისთვის, ქართული ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკე" 1961 წელს დაარსდა. ამ დროისთვის კომპანია მხოლოდ 20-მდე ობიექტითაა წარმოდგენილი და 75-მდე სახეობის ხორცპროდუქტს აწარმოებს. კომპანია პროდუქციას გლდანში მდებარე საწარმოში აწარმოებს.