"თოლიას" პროდუქცია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22%-ით გაძვირდა. ამის შესახებ ნაყინის მწარმოებელი კომპანიის "თოლიას" მარკეტინგის მენეჯერმა სანდრო ლომთაძემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ნედლეულზე ფასის ცვლილებამ გამოიწვია.
"ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. წინა წელთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები 12%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს არ ვაპირებთ ასორტიმენტის გაზრდას, თუმცა ვფიქრობთ, რომ სანაყინეების მიმართულებით გავფართოვდებით. კერძოდ, გვინდა, რომ ახალი ფილიალები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში გავხსნათ.
რაც შეეხება დონატების მიმართულებას - დონატების გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22%-ით გაიზარდა და შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულმა მიმართულებამ გაამართლა", - აცხადებს სანდრო ლომთაძე.
მისივე ინფორმაციით, სანაყინეების დამატება მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდება.
შეგახსენებთ, კომპანია ”თოლია” ქართულ ბაზარზე 27 წელზე მეტია ოპერირებს და ნაყინის, დაახლოებით, 60-მდე სახეობას აწარმოებს. კომპანიაში დასაქმებულია 400-ზე მეტი ადამიანი და მათი რიცხვი ახალი სანაყინეების გახსნის პარალელურად გაიზრდება.