logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

როდის ექნება ყაზბეგს განაშენიანების რეგულირების გეგმა კვლავ გაურკვეველია

როდის ექნება ყაზბეგს განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) კვლავ გაურკვეველია. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში ვერ აკონკრეტებენ ვადას, თუ როდის ექნება დასახელებულ რაიონს განაშენიანების რეგულირების გეგმა და როდის მოხდება აღნიშნული დოკუმენტით ყაზბეგის განვითარება.   

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ჯემალ სუჯაშვილმა განუცხადა, პირველი ეტაპი, რომელიც კონცეფციას მოიცავს საკრებულოს განკარგულებით, 2023 წლის 31 იანვარს დამტკიცდა. მეორე ეტაპი კი საბოლოო დოკუმენტის შემუშავებას გულისხმობს და მასზე  მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.

მისივე ინფორმაციით, საბოლოო დოკუმენტის შემუშავებას მოსახლეობასთან საჯარო განხილვა სჭირდება და ამის შემდეგ, დასამტკიცებლად ისევ საკრებულოს გადაეგზავნება.

"საბოლოო დოკუმენტის შემუშავება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. შესაბამისად, როდის მოხდება ეს ყველაფერი ჩვენთვისაც უცნობია. კონცეფციას გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებითა და "გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიის" დაკვეთით, შპს „გეოგრაფიკი“ ამუშავებდა. აღნიშნულის დამტკიცების შემდეგ ეს საკითხი გაჩერებულია", - აცხადებს ჯემალ სუჯაშვილი. 

"ბიზნესპარტნიორი" აღნიშნულ საკითხზე შპს „გეოგრაფიკს“ და შპს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასაც" დაუკავშირდა. 

როგორც "გეოგრაფიკში" აღნიშნავენ, 2023 წელს, კონცეფციის შემუშავებისა და საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ მათ ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან კომუნიკაცია აღარ ჰქონიათ, რადგან დანარჩენი პროცესი მათ აღარ ეხებოდათ.

რაც შეეხება შპს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" - როგორც მათ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადეს, აღნიშნული საკითხი  შპს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" საქმიანობის სფეროში არ შედის და გვირჩიეს დეტალებისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებებისთვის მიგვემართა.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2021 წელს, ბიზნესპარტნიორს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის იმ დროინდელმა მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა განუცხადა, რომ ყაზბეგს განაშენიანების რეგულირების გეგმა 2022 წლისთვის ექნებოდა.

გამოგვყევით