logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ზღვით საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფები შემცირდა - Kairos Logistics

ზღვით საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფები შემცირდა. საერთაშორისო ფასებმა, დაახლოებით, 2000 დოლარით დაიკლო. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Kairos Logistics-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა შოთა ავალიანმა  განუცხადა, ფასების შემცირების ტენდენცია მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალიდან გამოიკვეთა.

„კერძოდ, თუ წინა თვეებში, 40 - ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი, დაახლოებით, 8000 დოლარი იყო, ახლა მისი ღირებულება 5500 - 6000 დოლარის ფარგლებშია. ზოგადად, ბოლო 4 წელში, საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ფასის ინდექსი რამდენჯერმე შეიცვალა. მაგალითად, პანდემიამდე პერიოდში იყო 1500-2000 დოლარის ფარგლებში, შემდეგ პანდემიის დროს, ფასები ერთბაშად გაიზარდა და 12-15 ათას დოლარსაც კი მიაღწია. როდესაც ამ კრიზისმა გადაიარა, 40 - ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 3000 დოლარზე ჩამოვიდა, თუმცა, მალევე წითელი ზღვის კრიზისი დაიწყო და ისევ ტარიფების მკვეთრი მატება ვიხილეთ“, - განმარტა შოთა ავალიანმა.

მისივე თქმით, წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, კომპანიებმა სუეცის არხი ჩაანაცვლეს ახალი მარშრუტით და დღეს, გემების დიდი ნაწილი აფრიკის კონტინენტის შემოვლით მოძრაობს, რამაც გზა დააგრძელა და შესაბამისად, გაიზარდა გადაზიდვის დრო და ხარჯები. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოდან ზღვით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა მაინც მზარდია.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაამუშავა, რაც თითქმის 14%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება რკინიგზას, როგორც შოთა ავალიანი ამბობს, დღევანდელი მოცემულობით, 40- ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვა რკინიგზით, ასევე 6000 დოლარი ჯდება.

„ბოლო 1 წელში, რკინიგზაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც წითელ ზღვაში შექმნილმა კრიზისმა განაპირობა, რის გამოც, კომპანიების ნაწილმა ტვირთების ზღვით გადაზიდვა, რკინიგზით ჩაანაცვლა“, - აღნიშნა Kairos Logistics-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. თუმცა, „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში, შოთა ავალიანი ამბობს, რომ წლის მესამე კვარტალი როგორც წესი, პასიურია ხოლმე, ამიტომ წლიურ ჭრილში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მნიშვნელოვან ზრდას ელოდება.

Kairos Logistics-ის გაყიდვების ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას წინა საახალწლო პერიოდზე ამახვილებს და განმარტავს, რომ რომ მეოთხე კვარტალი სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით მაღალი აქტიურობით დაიწყო.

გამოგვყევით