ქალთა ინტერესების და ეკონომიკური ფაქტორის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნება და ეს შესაძლებელია პრევენციისა და სკრინინგის საშუალებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ახორციელებს სკრინინგის პროგრამებს და სკრინინგიდან დიაგნოსტიკამდე და პროგრამაში ჩართვამდე პერიოდი უნდა იყოს უწყვეტი.
"ონკოლოგიური პროგრამა ძალიან კომპლექსური პროგრამაა და რა თქმა უნდა, საჭიროებს ისევ და ისევ ერთობლივ ძალისხმევას. გასული ორი წლის განმავლობაში დიდი სამუშაო იქნა გაწეული ამ მიმართულებით. პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი პრიორიტეტი, რაც წინ წამოვიდა - ეს იყო ონკოლოგიური პაციენტებისთვის პროგრამის გაუმჯობესება. მთავარი აქცენტი მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე გაკეთდა და ყველა სხვა საჭიროებაზე, რომელიც ამ პერიოდში დგება.
ცვლილება, რომელიც ბოლო პერიოდში დაანონსდა შეეხება ფინანსური ბარიერის მოხსნას მედიკამენტებზე (არსებობდა 25 000 ლარიანი ზღვარი). პაციენტების 85%-სთვის საკმარისი იყო 25 000 ამ საჭიროების დასაფარად, მაგრამ რჩება პაციენტების ჯგუფი, დაახლოებით, 3000 პაციენტი, რომელსაც ეს თანხა არ ყოფნის. ეს მოიხსნება და მკურნალობის სრული კურსი დაიფარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
უკვე დაძრულია ცვლილება და ვფიქრობ რამდენიმე დღეში ეს პროცესი დასრულდება ფორმალურად. მანამდე ისევ რეფერალური დახმარების მექანიზმს ვიყენებთ, ანუ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტი უნდა დაელოდოს როდის ამოქმედდება ეს ცვლილება.
და 25 000-იანი ლიმიტის ფარგლებში რჩება ისევ გამოკვლევები, რომლებიც უკავშირდება მკურნალობის პროცესს, სერვისი, სხივური თერაპია. ონკოლოგიური პაციენტებისთვის ონკოქირურგიაც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. საშვილოსნოს ყელის კიბო არის ერთადერთი თავიდან აცილებადი კიბო, რომლისგანაც ქალს ვაქცინა იცავს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.