logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ბეჟან წაქაძე: საგანგაშოა, რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მოცულობა არ იზრდება

ბეჟან წაქაძე: საგანგაშოა, რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მოცულობა არ იზრდება

1733806500

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის ისევ 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რასაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ბეჟან წაქაძე აპროტესტებს. 

მისი თქმით, 20 მილიონი მაღალმთიანი რეგიონებისთვის არასაკმარისია და მისი გაზრდა აუცილებელია. 

ძალიან საგანგაშოდ მიმაჩნია, რომ მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდში საერთოდ არ არის მატება. 20 მილიონი ლარი რჩება და რჩება, რასაც ვერაფერში გადაანაწილებ. მნიშვნელოვანია ამ ფონდში ცვლილება იყოს“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო მოსმენაზე. 

მან ყურადღება სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების და წყლის პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზეც გაამახვილა. 

„კარგი მაკროეკონომიკური პარამეტრებია, ინფრასტრუქტურა ვითარდება, რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ობიექტები იზრდება, მაგრამ, როდესაც რეგიონში ადამიანი ცუდად ხდება და იქ მიუვალი ადგილია, ასეთი ბევრი ადგილია, მისთვის ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებელი იკარგება. 

ასევე წყლის პრობლემაა, გატანჯულია მოსახლეობა, უამრავ რაიონში სასმელი წყალი ათეულობით კილომეტრიდან მოაქვთ“, - აღნიშნა ბეჟან წაქაძემ. 

დეპუტატის საპასუხოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტში თანხა პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა. 

„600 მილიონის საკითხები ჩამოთვალეთ, ეს ფული საიდანღაც ვერ მოვა. წელს ეკონომიკური ზრდა რაც გვაქვს, იქიდან გამომდინარე გვაქვს ბიუჯეტი. ერთადერთი, თუ ჩვენ მომავალ წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, რესურსები პრიორიტეტულად გადანაწილდება. თუმცა, დღეს როგორც არის განაწილება, ვერ ვხედავ ვერანაირ რესურსს, რომელიმე უწყებაში თანხები შევამციროთ და ეს თანხები ამ მიმართულებით გადავანაწილოთ“, -მიმართა გიორგი კაკაურძიმ ბეჟან წაქაძეს. 

მინისტრის მოადგილის თქმით, არის სოფლები, სადაც გზის პრობლემაა და ეს მოსაწესრიგებელია. თუმცა, გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ აქ მუნიციპალიტეტების ჩართულობაც მნიშვნელოვანია. 

„ის თანხა, რაც გადანაწილდება მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, მათ პრიორიტეტი უნდა გააკეთონ იმ კუთხით, რომ ასეთი სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მოხდეს და ამ მიმართულებით გადაიდგას პირველი ნაბიჯები“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. 

გამოგვყევით