დეველოპერული კომპანია "არქის" დამფუძნებლის ინფორმაციით, საქართველოში ქირაზე ფასი 10-15%-ით შემცირდა. როგორც ილია წულაიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განმარტა, უძრავი ქონებიდან საშუალო ამონაგები 9-10%-ის ფარგლებშია.
„ქირაზე ისეთი მაღალი ფასი აღარ არის, როგორიც იყო პირობითად, ორი წლის წინ, როდესაც ძალიან ბევრი ემიგრანტი მოაწყდა ქვეყანას რომელსაც ბინის დაქირავება სურდა. თუმცა ქირის ფასი დიდად არ შემცირებულა. კლება დაახლოებით 10-15 %-ია. უძრავი ქონებიდან საშუალო ამონაგები არის 9-10%-ია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სექტორში როგორც ფასი, ისე ტრანზაქციების რაოდენობა სტაბილურად იზრდება.
დღეისათვის უძრავი ქონების ღირებულება იზრდება 10-15%-ით, რაც გამოწვეულია ბევრი მიზეზით, მათ შორის ხელფასების მატებით, მასალების გაძვირებით. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მუშახელის ხელფასები მინიმუმ გაორმაგებულია დოლარში. ამასთან, სამშენებლო თვითღირებულება გაიზარდა, მიწის ფასიც გაძვირებულია, რაც მოთხოვნის მატებითაა თავის მხრივ განპირობებული. 200-ზე მეტი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში და მოთხოვნა მაღალია,“-აღნიშნა ილია წულაიამ.
მისივე თქმით, უძრავი ქონება დღევანდელ დღეს წამყვანი დარგია და ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისივე შეფასებით, ბოლო წლებში ეს სექტორი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ფაქტორიცაა.
„ამ სექტორმა აჩვენა დიდი სტაბილურობა და 2008 წლის კრიზისის შემდეგ აღმავალი ტემპით ვითარდება. პირველი აღმავლობა დაიწყო 2010 წლიდან. კოვიდის პერიოდის ჩათვლით კი სტაბილურად ვითარდებოდა. ხოლო კოვიდის შემდეგ გაცილებით მაღალი ზრდა აჩვენა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პარალელურად ბევრი ინვესტორი გამოჩნდა ამ ბაზარზე, რომლებიც საინვესტიციოდ და გასაქირავებლად ყიდულობდნენ უძრავ ქონებას,“-აღნიშნა ილია წულაიამ.