Eagle Hills-ის დამფუძნებელთან განვიხილეთ ის პროექტი, რომელიც არის უკვე განხორციელების ფაზაში. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ კიდევ ერთხელ ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი.
"ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიაში. ჯამური მოცულობა არის 6.5 მლრდ დოლარზე მეტი. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს ინვესტიცია განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, Eagle Hills-ის პროექტი მოიაზრებს 850 ჰა-ს განვითარებას - შეიქმნება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე რეკრეაციული სივრცეები. ასევე, პროექტის ფარგლებში 2,4 მილიონ კვ/მ-ზე აშენდება 16 ათასამდე საცხოვრებელი ბინა, სასტუმროების ნაწილში გაჩნდება 1 500-მდე ნომერი, კომერციული და სავაჭრო ოფისები და სხვა სახის კომერციული დანიშნულების ადგილები.