ერთ-ერთი სფერო, რომელიც ჩინურ კომპანიებს აინტერესებთ არის განახლებადი ენერგია, - ამის შესახებ ჩინეთი-საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის საპატიო თავმჯდომარემ, ირაკლი მეზურნიშვილმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ერთობლივი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ჩინური კომპანიები საქართველოში შემოვიდნენ და ასევე, იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ჩინური ბაზრით არიან დაინტერესებულები, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ.
“ჩინეთი მეორე ეკონომიკაა და მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით, 20%-იანი წილი უკავია. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიცირება მოვახდინოთ და რაც კი გააჩნია ჩვენს ქვეყანას მაქსიმალური შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოში მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, ექსპორტი გავზარდოთ და მეტი ტექნოლოგიები დავნერგოთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჩინეთთან ურთიერთობა. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ურთიერთობა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს, ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და იშვიათია, რადგან ჩინეთი ასე არ აწერს ხელს მსგავს შეთანხმებებს.
ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ოპონენტების შენიშვნები აღნიშნულთან დაკავშირებით, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ გადაწყვეტილებაში ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაცულია. ჩვენ ბაზრების დივერსიფიკაცია და მეტი პარტნიორი გვჭირდება, რაც ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს ზრდის.
ჩვენ ძალიან დიდი ნახტომი გვაქვს ვაჭრობაში. ჩინეთთან 60%-იანი წინსვლა გვაქვს და დაახლოებით, 2 მლრდ-ია ბრუნვა, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია. აქ არის ერთი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის ჩინეთთან მიმართებაში - ეს არის საკმაოდ სერიოზული დისბალანსი ვაჭრობაში. ჩვენი წილი ექსპორტისა აქ, რა თქმა უნდა მცირეა, მაგრამ ჩინელ პარტნიორებთან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ვთხოვეთ დახმარება დისბალანსის შემცირებაში და ამისთვის ყველა წინაპირობაა.
სულ ახლახან საქართველომ მწვანე შუქი მიიღო იმისთვის, რომ ჩინეთში თაფლის ექსპორტი განახორციელოს და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი შედეგები გვექნება. ასევე აქვს ღვინოს და სხვადასხვა პროდუქტს პოტენციალი, რომ ჩინეთის ბაზარზე გავიტანოთ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია დავაახლოოთ ჩვენი ინტერესები და ვიმუშაოთ, რომ ჩინური კომპანიები შემოვიდნენ საქართველოში და ასევე, ქართული კომპანიები, რომლებიც ჩინური ბაზრით არიან დაინტერესებულები მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ. ჩინურ კომპანიებს პირველ რიგში აინტერესებთ ის, რომ საქართველოს ძალიან ბევრ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მაგალითად ერთ-ერთი სფერო, რომელიც ჩინურ კომპანიებს აინტერესებთ არის განახლებადი ენერგია - მზის პანელები, ქარის სადგურები, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში და დიდი პოტენციალიც აქვს. შეიძლება მზის პანელების წარმოებაც კი დაიწყოს საქართველოში, შემდეგ ექსპორტზეც გავიდეს და საქართველოშიც დარჩეს”, - აცხადებს ირაკლი მეზურნიშვილი.