logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"განახლებული რეგიონების ფარგლებში, რეგიონის ქალაქების რეაბილიტაციაზე ₾130 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა" - ბიძინა ივანიშვილი

"განახლებული რეგიონების ფარგლებში, რეგიონის ქალაქების რეაბილიტაციაზე ₾130 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა" - ბიძინა ივანიშვილი

1725808275

"ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა; მოწესრიგდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, რამაც ამ კუთხის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყო ხელი"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. 

"სოფლის მეურნეობის სფერო ვითარდება და თავისუფლად ახერხებთ მანამდე დაკეტილ ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის რეალიზებას;

ამასთანავე, მთელი რიგი შეღავათებითა და თქვენს ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით, ვცდილობთ, მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი;

აბასთუმნისა და ბორჯომის უნიკალური ბუნება არათუ აღარ ნადგურდება, არამედ განსაკუთრებულადაა დაცული, რაც, ერთი მხრივ ეკოლოგიის დაცვის, მეორე მხრივ კი რეგიონში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია;

და რაც მთავარია – თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დღეს სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია; პატიოსანი შრომა დაფასებულია და ოჯახებში გაზრდილია კეთილდღეობის ხარისხი; თქვენს შვილებს განათლებაზე თავისუფლად მიუწვდებათ ხელი და ამ მრავალეთნიკური კუთხის თითოეული მცხოვრები, მიუხედავად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თავისუფლად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რითაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.

უფრო კონკრეტულად – განახლებული რეგიონების ფარგლებში, რეგიონის ქალაქების რეაბილიტაციაზე 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, სრულად გამოცვალა ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა და გალამაზდა ყველა ქალაქი.

2014 წლიდან დღემდე, რეგიონში, სადაც არ არსებობდა სასმელი წყალი, „ქართულმა ოცნებამ“ 350 მილიონი ლარის პროექტები განახორციელა.

ხელისუფლებამ 11 500 აბონენტს მისცა ბუნებრივ აირზე წვდომა, რეგიონის სრული გაზიფიცირება კი 2025 წელს დასრულდება.

2012 – 2024 წლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჯამურად აშენდა 5 ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით – 99 მეგავატი, გარდა ამისა, მშენებლობის ან კვლევების ეტაპზეა 18 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი – ჯამური დადგმული სიმძლავრით 112 მეგავატი. რაც მთავარია, ყველა ეს პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ისე, რომ მინიმალური ზიანიც არ მიადგეს უნიკალურ ეკო სისტემას.

ჩვენი ხელისუფლებისგან განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობენ ადგილობრივი მეწარმეები და მცირე ბიზნესი. ჩვენი ხელშეწყობით, რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან დაიხარჯა 300 000 მილიონი ლარი, რაც სრულად მოხმარდა მეწარმეთა მხარდაჭერას. შედეგად, შექმნილია დამატებითი 4 000 სამუშაო ადგილი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურიზმის განვითარებას. 2023 წელს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა ნახევარი მილიონი ვიზიტორი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი და რაც არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის და ტურისტული ადგილების მოწესრიგებამ, ასევე ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობამ განაპირობა. დღეს, სამცხე-ჯავახეთი სრულად უწყობს ფეხს თანამედროვე ტურიზმის მოთხოვნებს.

ერთად დგომით, შევძელით და ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, მედია დამოუკიდებელია, ბიზნესი კი – ხელშეუხებელი, ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად ცხოვრობს და აღარ აქვს პოლიტიკური დევნის შიში.

უფრო შორს აღარ წავალ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ წარმატებების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ გუნდი, შეჩერებას, რა თქმა უნდა, არ აპირებს. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოგვყევით