logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

გიორგი პაპავა: კაპიტალის ბაზრის რეფორმა დიდწილად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმით დასახული მიზნები მიღწევადია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ პროექტ „რეფორმეტრის“ მენეჯერი გიორგი პაპავა საუბრობს.

„რეფორმეტრი“ სამოქმედო გეგმას და მის პროგრესს აკვირდება. შეფასებისას გამოიკვეთა, რომ გეგმით გათვალისწინებული აქტივობების 36 პროცენტი შესრულებულია, მაშინ როცა, ივლისში ჩატარებული შეფასებისას, დაგეგმილი აქტივობების მხოლოდ 11,7% იყო შესრულებული.

განსაკუთრებული  პროგრესი შეინიშნება საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარების მიმართულებით.

„სხვადასხვა ნაწილში არის ახალი რეგულაციური გარემო შექმნილი და ასევე ინსტიტუციური მოწყობის კუთხითაც გვაქვს პოზიტიური დინამიკა. რაც შეეხება ინდიკატორებს, სტრატეგიასთან დაკავშირებულ ინდიკატორებში დადებით კონტექსტში მინდა, გამოვყო, ერთი მხრივ, შიდა ვალის ფარდობა მთლიან სახელმწიფო ვალთან, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია ადგილობრივი ბაზრის განვითარების და აქ საკმაო პროგრესი ჩანს 2021 წლის შემდეგ. ასევე, გაზრდილია ლარში გამოშვებული ობლიგაციების რაოდენობა. ამ კუთხით, დინამიკა გვიჩვენებს, რომ ალბათ 2025 წლის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა რეალისტურია. ასევე, დადებითი დინამიკაა საპენსიო აქტივების კონტექსტში და სადაზღვევო სექტორის აქტივების მხრივაც“ - ამბობს გიორგი პაპავა.

თუმცა, მისივე თქმით, საფონდო ბირჟასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ პრობლემურია.

„უარყოფით კონტექსტში უნდა ვახსენოთ ალბათ, საფონდო ბირჟასთან დაკავშირებული სტატისტიკები. სხვადასხვა მიმართულებით - როგორიცაა კაპიტალიზაცია, აქციების ბრუნვა და დალისტული კომპანიების რაოდენობა - აქ ისეთი დინამიკა, რაც დამაიმედებელი იქნებოდა სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის კონტექსტში, ჯერჯერობით არ შეინიშნება“ - განმარტავს გიორგი პაპავა.

თუმცა, მისივე თქმით, ჯერჯერობით, სტრატეგია მაინც, დიდწილად იმ განსაზღვრულ გეგმას მიყვება, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰქონდა დასახული.

„ჯერჯერობით, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, დიდწილად, რეფორმა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა, რიგი მიმართულებით არის საკმაოდ საინტერესო სიახლეები და მნიშვნელოვანი იქნება, ეს ტემპი, რაც საკანონმდებლო ჩარჩოს და რეგულაციური ჩარჩო განვითარების კუთხით გვაქვს, არ დაეცეს და გაგრძელდეს მისი განვითარება შემდეგი წლების განმავლობაში“ - აცხადებს გიორგი პაპავა „ბიზნესპარტნიორთან“.

გამოგვყევით