საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ, OECD-GVH RCC-ის მიწვევით, ბუდაპეშტში, რეგიონული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ბუდაპეშტის კონკურენციის რეგიონული ცენტრის(OECD-GVH RCC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყების პირველმა პირებმა, გაფართოებული დიალოგის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლას ყურადღება გაამახვილა - საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე. „საქართველოში ეკონომიკა, საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები სტაბილურად იზრდება. ჩვენი უწყების მიზანია უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი კონკურენცია.’’ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
GCCA-ის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას დეტალურად მიმოიხილა მოკვლევების, მონიტორინგების და კონცენტრაციების კონტროლის მიმართულებით მიღებული შედეგები და აღნიშნა რომ საქართველოში კანონმდებლობა 2020 წლიდან გაუმჯობესდა. „ საკანონმდებლო ცვლილებებმა საშუალება მოგვცა მიგვეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეთანხმებული ქმედებების წინააღმდეგ, განვახორციელეთ ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და გავეცით რეკომენდაციები, რომელთა დანერგვის შედეგად გაიზარდა ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე. აქტიურად ვაკონტროლებთ კომპანიების გამსხვილებებს (კონცენტრაციებს), 2020-2024 წლებში, საქართველოში 37 კონცენტრაცია განხორციელდა, მათ შორის შეუტყობინებლობა იყო 18. შეუტყობინებლობის აღმოსაჩენად ჩვენ ვეყრდნობით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მონაცემებს. გასულ წელს, ჩვენს მიერ 53 ათასამდე რეგისტრაცია იქნა გადამოწმებული. სექტორულ ჭრილში, ბიზნესის ყველაზე დიდი წილი კონცენტრაციების - FMCG, სამშენებლო მასალების წარმოება/მოპოვების, განათლების, საწვავის და სასმელების წარმოების ბაზარზე მოხდა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ და კონფერენციის ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: ორი შვარცი, OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი; მარია პილარ კანედო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონული ცენტრის დირექტორი; რენატო ფერანდი, იტალიის კონკურენციის უწყების საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი; საბინა ზიკელსკი, ბუნდესკარტელამტის მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი და სხვები. უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში, სამუშაო ვიზიტით ასევე იმყოფებოდა GCCA-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი შაკიაშვილი. კონფერენციაში OECD-ის და 15 ქვეყნის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი პირი მონაწილეობდა. კონფერენცია უნგრეთის კონკურენციის უწყების მასპინძლობით გაიმართა.