logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მარიამ ქვრივიშვილმა AIM Congress-ის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

მარიამ ქვრივიშვილმა AIM Congress-ის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

1744268317

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საინვესტიციო კონგრესის (AIM Congress) ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ორგანიზებით ქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა.

ღონისძიება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ერთობლივი მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და მაღალი რანგის პირები, მათ შორის, ბაჰრეინიდან, მონტენეგროდან, ეგვიპტიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. მინისტერიალის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე, მიმდინარე სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ტურიზმის ხელშეწყობის სტრატეგიაზე, რომლის შემადგენელი ნაწილია ქვეყნის სახმელეთო და საავიაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განვითარება. მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება ხელს უწყობს დაკავშირებადობას, რაც დადებითად აისახება როგორც უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიაზე, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე. 

„საქართველოს მთავრობის მიზნობრივმა და ეფექტურმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ზრდას, რაც, საბოლოო ჯამში, ტურიზმის სტატისტიკაზე დადებითად აისახება. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის მატებას ასევე იწვევს გაზრდილი ინვესტიციები ტურიზმში, ახალი საწოლი ადგილების შექმნა, ლიბერალური სავიზო რეჟიმების შემოღება და ღია ცის პოლიტიკა ავიაციაში და სხვ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება დარგის კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში - 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 300 მლნ. აშშ დოლარით, 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია ინვესტიციებისთვის, რასაც ხელს უწყობს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დარგში საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებზე, მათ შორის, მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობაზე“ (Business READY), რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის საუკეთესო სამეულშია, ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევას „Investment Policy Review“ და Fraser Institute-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2024“ რეიტინგს, სადაც საქართველო უპირობო ლიდერია ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანასა და ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის.

გამოგვყევით