საქართველო ახალ კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა - NCTS-ზე დასაერთებლად ემზადება. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ურიდიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის მეშვეობით საქართველოს, ევროპის ქვეყნებთან ელექტრონული ინფორმაციის პირდაპირი გაცვლის შესაძლებლობა ექნება.
"როდესაც ასოცირებაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის არის ხაზგასმა კანონმდებლობის მიახლოებაზე. ახალი სტანდარტების მიღება ერთია, თუმცა მათი აღსრულება გაცილებით რთულია. საქართველოში ასეთი რამ პირველად ხდება. საქართველოს საბაჟოში შექმნილი ელექტრონული დოკუმენტი პირდაპირ გაეგზავნება დანიშნულების ქვეყანას. ჩვენს ეკონომიკურ ოპერატორებს განსხვავებით მათი მეზობლებისგან ექნებათ კომფორტი, რომ საქართველოს საბაჟოს მიერ შექმნილი დოკუმენტი და ვალიდირებული დოკუმენტი თავისუფლად შეეძლებათ აიღონ საქართველოშივე. ეს არის პირველი ყველაზე დიდი საეტაპო მოვლენა, რაც ხორციელდება.
ტექნიკურად საკმაოდ რთული პროცედურაა, სადაც აუცილებელია საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროცედურული მომზადება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, სამმხრივი ბაზა უნდა იყოს ჰარმონიზებული. სისტემის ტექნიკური ნაწილი ამ წლის ბოლოს მზად იქნება. ევროკავშირმა წინასწარ გამოაგზავნა მონიტორინგის მისია, რომელმაც შეგვაფასა. მათ აღნიშნეს, რომ ტექნიკურად, პროცედურულად და სამართლებრივად მზად ვართ, თუმცა გვაქვს გარკვეული ხარვეზები, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია და მათი ვადამდე გამოსწორება რეალისტურია", - აცხადებს სამსონ ურიდია.