logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც აშშ-ის მხრიდან ყველაზე დაბალი, 10%-იანი სატარიფო განაკვეთი დაწესდა"

"საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც აშშ-ის მხრიდან ყველაზე დაბალი, 10%-იანი სატარიფო განაკვეთი დაწესდა"

1744095240

როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სატარიფო პოლიტიკა, - ამ თემაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ვრცლად ისაუბრა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ყველაზე დაბალი, 10%-იანი სატარიფო განაკვეთი დაწესდა.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რასაც ყურადღება შეიძლება მივაქციოთ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიღო ახალი სატარიფო პოლიტიკა, მათ შორის ყველა ქვეყანასთან მიმართებაში, საქართველო, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ არის. თუმცა, განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნები გამოიყო, სადაც ყველაზე დაბალი, 10%-იანი სატარიფო განაკვეთი დაწესდა და საქართველო ზუსტად ამ ქვეყნების რიგშია“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 150 მლნ დოლარამდე პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. აქედან დიდი ნაწილი, 60%-ზე მეტი ფეროშენადნობებზე მოდის და ამ შემთხვევაში ფეროშენადნობებს ტარიფები არ ეხება.

აქედან გამომდინარე, აქ არც  უპირატესობა გვექნება და  არც გარკეული დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოდან ექსპორტირებულ სხვა პროდუქტებს, რომლებიც 10%-ით დაიბეგრება და თუ დავუშვებთ იმას, რომ ექსპორტის რანგი არ გაგვეზრდება, მთლიანი დამატებითი ხარჯი 4 მლნ დოლარის დამატებითი გადასახადი იქნება. ეს, ფაქტობირვად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნულოვანია, არაფერს წარმოადგენს“, -  აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აშშ-ს ახალი სატარიფო პოლიტიკაზე საუბრისას პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე აქცენტი გააკეთა გარკვეული პოზიტიური ეფექტის მიღების შესაძლებლობაზე ზოგიერთი ქართული პროდუქციისთვის. მისი შეფასებით, ის პროდუქტები, რომლებიც საქართველოდანაა ექსპორტირებული და  10%-ის რეჟიმში იბეგრება, მაგალითად, ღვინო, შეიძლება უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს სხვა იმპორტირებულ ღვინოსთან მიმართებაში.

იცით, რომ აშშ საკმაოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს ღვინოს ევროპიდან, ასევე ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებიდან და, რა თქმა უნდა, დამატებით 10%-იანი, ჯამში 14%-იანი გადასახადი სხვა ქვეყნების 30%-იან გადასახადებთან შედარებით უპირატესია. აქედან გამომდინარე, ამან შიძლება გარკვეულწილად ეკონომიკურად წაახალისოს იგივე ღვინის ექსპორტი აშშ-ში. თუ ინვესტორებმა დაინახეს, რომ ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი მოცემულობა  და არ არის მხოლოდ დროებითი სატარიფო ღონისძიებები, რა თქმა უნდა, შეიძლება საქართველოში დამატებით ინვესტიციებს ველოდოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ საბაზისო 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს. რაც შეეხება ვადებს, საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს შევა ძალაში.

გამოგვყევით