logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ანაკლიის პორტის პროექტი ვითარდება დინამიკურად, პოზიტიურად და მისი გაჩერების პერსპექტივა არ არსებობს"

"ანაკლიის პორტის პროექტი ვითარდება დინამიკურად, პოზიტიურად და მისი გაჩერების პერსპექტივა არ არსებობს"

1744094998

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები რეალობისგან შორსაა - მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი და არავის არავისთვის არაფერი  გადაუცია,  ეს ერთი, მეორეც: ახალი პორტის განვითარების სტრუქტურაში, რაც ჩვენ შერჩევის პროცესში თავიდანვე განვსაზღვრეთ, სრულად არის გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესები, აქედან გამომდინარე, რაიმე საფრთხეებსა თუ პოტენციურ საფრთხეებზე საუბარი, რომლებიც ამ განცხადებებშია,  საფუძველს და აზრს აბსოლუტურად მოკლებულია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ამერიკელი კონგრესმენების მიერ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ეს განცხადებები კეთდება ისე, რომ არც საკმარისი ინფორმაციაა მოძიებული, არც ინფორმაციის შეფასება ხდება და ეს არის განცხადებები, რომლებიც  არაფერს ეფუძნება და არაფერთან კავშირში არ არის.

სრული ინფორმაცია აშშ-ის ელჩს მივაწოდეთ ჯერ კიდევ გასულ წელს, სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში მაინც კეთდებოდა არაზუსტი განცხადებები. ახლაც მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ელჩს, თუმცა,  აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ასევე არის საკანონმდებლო ხელისუფლება და ჩვენს მიერ ელჩისთვის ინფორმაციის გაზიარება არ ნიშნავს იმას,  რომ ინფორმაცია მყისიერად ყველა პოლიტიკოსს გააჩნია, ასევე ყველა პოლიტიკოსს აქვს იგივე ან პროფესიონალური აღქმა ამ ყველაფრის.  აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ოფიციალურმა სტრუქტურებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია და მათ ობიექტურად და პროფესიონალურად შეაფასონ ეს“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის თქმით,  ანაკლიის პორტის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის.

ქვეყნის  მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ ჩვენი სატრანზიტო-სატრანსპორტო ფუნქცია გავზარდოთ -  შუა დერეფნის განვითარება როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო პარტნიორების ინტერესშია და აქ შეიძლება თანხვედრა იყოს ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე, ცხადია, უნდა იყოს სრული გარკვეულობა და როგორც აღვნიშნე, აშშ-ის საელჩოს გააჩნია სრული ინფორმაცია პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომ აქ არანაირ საფრთხეზე არ შეიძლება საუბარი, პირიქით, ეს არის ინტერესები საქართველოსთვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის, ევროპის ქვეყნებისთვის, ამერიკისთვის და ასე შემდეგ. ეს არის პროექტი, სადაც ყველას ინტერესის რეალიზება შეიძლება მოხდეს, თუმცა, უპირველესად, პროექტში გათვალისწინებული იქნება საქართველოს ინტერესები,  ჩვენ დავიცავთ ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს, პრინციპებს, პრიორიტეტებს და ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ინტერესებს ეწინააღმდეგება“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ეკონომიკის მინისტრი კერძო ინვესტორის შერჩევის მიმდინარე პროცესსაც შეეხო. მისი განმარტებით, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რადგან  ფინალისტი კომპანიის - ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმისგან მიღებულ  წინადადებებთან დაკავშირებით კომისიას ჰქონდა კითხვები, მიმდინარეობს მათი დაზუსტება და სხვადასხვა საკითხების გარკვევა - საუბარია  ძალიან კომპლექსურ, ათასობით გვერდიან დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ ტექნიკურ და  კომერციულ ასპექტს, შესაბამისად, მიმდინარეობს ამ დოკუმენტის შესწავლა კონსულტანტებთან ერთად და კომუნიკაცია პრეტენდენტთან. ეკონომიკის მინისტრის თქმით, რამდენჯერმე იყო თხოვნა ვადების გადაწევის შესახებ, რადგან თითოეული დაზუსტების პერიოდში კომპანიას სჭირდება დამაზუსტებელი ინფორმაციის მომზადება და წარმოდგენა, აქედან გამომდინარე, მათ მიცემული აქვთ დამატებითი ვადა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმის მიხედვით,  თუ პრეტენდენტისგან წარმოდგენილი საბოლოო წინადადებები რამდენად შესაბამისობაში იქნება წინასწარ არსებულ მოთხოვნებთან.

კერძო პარტნიორის შერჩევა არ არის მარტივი პროცესი,  ჩვენი მოლოდინი იყო ძალიან რეალისტური და ამაზე საუბრობდნენ ჩვენი გამოცდილი კონსულტანტებიც, ძირითადად ჰოლანდიური კომპანია, რომელიც არის საზღვაო-საკონსულტაციო საექსპერტო ბიურო, ჩვენ ამიტომ დავიწყეთ პორტის განვითარებისა და მშენებლობის პარალელური პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ დროში არ გვქონდეს დაგვიანება, პარალელურად ვქმნიდეთ ინფრასტრუქტურას და ასევე, იმ შემთხვევაში, თუ შევარჩევთ პარტნიორს, ეს მოხდეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ხარისხიანად, რადგან ერთია, შეარჩიო, გამოავლინო პარტნიორი და მერე მნიშვნელოვანია, თუ რა პირობებით იმუშავებს ეს პარტნიორი სახელმწიფოსთან ერთად“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ  ეკონომიკური პროექტი გახდა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და დიდი პოლიტიკის ობიექტივში მოექცა, ანაკლიის პორტის პროექტი ვითარდება დინამიკურად, პოზიტიურად და მთავრობას აქვს ადეკვატური მოლოდინები, მათ შორის, ვადებთან მიმართებაში.

ვფიქრობთ, რომ 2028 წელი, რაც იყო გაცხადებული, არის ის ვადა, როცა პორტი შეძლებს ამოქმედებას, ეს არის მრავალფაზიანი განვითარების პროცესი და ის წარიმართება წარმატებით. სამშენებლო პარტნიორი შერჩეული გვყავს,  მშენებლობის პროცესი მიდის ინტენსიურად და პროექტი ხორციელდება იმის მიუხედავად, გვეყოლება თუ არა კერძო პარტნიორი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტი უნდა განხორციელდეს, ეს არის დაპირება მოსახლეობის წინაშე და  სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო.

სახელმწიფომ უკვე აიღო ვალდებულება, ინვესტირება დაწყებულია პროექტში და მისი გაჩერების პერსპექტივა არ არსებობს. ეს იქნება მდგრადი პროექტი, რადგან ჩვენ ყველანაირი შესწავლა გვაქვს გაკეთებული. ეს იქნება სახელმწიფო პროექტი ან სახელმწიფოსა და კერძო პარტნიორის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი - ყველა ვარიანტში, იქნება წარმატებით განხორციელებული, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი.  შესაბამისად, ძალიან დიდი ფოკუსი იმაზე, თუ ვინ იქნება კერძო პარტნიორი, ცოტა გადამეტებულია, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვსაუბრობთ, ზოგადად, ჩინეთის და ამერიკის კონკურენციაზე, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია - ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს კონკრეტულ ინტერესებზე, სადაც გვაქვს კონკრეტული ეკონომიკური ამოცანები და ამ ამოცანებში ჯდება თანამშრომლობა ყველა პარტნიორთან, მათ შორის, ჩინეთთან,  აშშ-სთან, ევროპასთან და მეზობელ ქვეყნებთან“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოგვყევით