logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ზამთრის კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა" - ირაკლი ბურჭულაძე

ზამთრის კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში", 2024-2025 წლის ზამთრის სეზონის შეფასებისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე პოპულარობით გუდაურის და ბაკურიანის კურორტი სარგებლობს. 

"წლევანდელი ზამთრის სეზონი გამორჩეული იყო. 4 საერთაშორისო ღონისძიება ჩავატარეთ, რაც რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში მიზიდულობის ცენტრს ქმნის. ჩვენ ფაქტობრივად ყველა კურორტს მოვიცავთ, მათ შორის, გუდაური, ბაკურიანი და თეთნულდი. გარდა ამისა, ჩვენ ზრდა გვაქვს ვიზიტორების ნაწილშიც. ეს  მუდმივმა კალენდარმა გამოიწვია, რომელიც მსოფლიო თასების და მსოფლიო ტურიდან გამომდინარე იყო. ზამთრის სეზონის დახურვამდე სულ რაღაც 1 თვე დაგვრჩა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზიტორთა რაოდენობის დინამიკა ყოველწლიურად იზრდება.

განსაკუთრებული ზრდით წელს კურორტი გოდერძი გამოირჩეოდა. ბევრად უფრო კომფორტული გახდა გადაადგილება. წლების დინამიკას რომ შევხედოთ მთავრობა და მუნიციპალიტეტი მუდმივად ზრუნავს, რომ ის გამოწვევები და ხარვეზები, რაც დაბაში არსებობს დახვეწოს", - აცხადებს ირაკლი ბურჭულაძე.

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის თქმით, მომავალ წელს საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება ისევ იგეგმება. 

"საერთაშორისო სათხილამურო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს სრული ნდობა აქვს გამოცხადებული, რომ მსოფლიო თასების მუდმივ კალენდარში ვიყოთ. ვცდილობთ, რომ უფრო მეტად და დამატებით სხვა  მიმართულებებითაც ვემუშაოთ მათ. გვსურს, რომ დისციპლინების კუთხით დივერსიფიკაცია გვქონდეს", - აღნიშნა მან.

გამოგვყევით